მამუკა გამყრელიძე: ხელისუფლებაც და ოპოზიციაც საკუთარი ამომრჩევლის მძევალია

პოლიტიკური კრიზისი ჯერჯერობით ისევ ჩიხშია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მორიგი 7 საათიანი რაუნდი კვლავ უშედეგოდ დასრულდა. დღეს, 5 აპრილს კი "საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტიკოსების რეიტინგს ეხება. რამდენად ზუსტად ასახავს კვლევები საზოგადოებაში არსებულ განწყობებს, რა არის ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი და როგორია "ევროპული დემოკრატების" სამოქმედო გეგმა, – ამ თემებზე "თაიმერი" "ევროპული დემოკრატების" გენერალურ მდივან მამუკა გამყრელიძეს ესაუბრა:
"IRI”-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 35 % "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს, "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას" და "ძალა ერთობაშიას" – 18 %, "ევროპელებს" – 3 %, – ეს რეიტინგები ხომ არ მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციური პარტიების მიმართ ნდობა დაეკარგა მოსახლეობას?

პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ გამოკითხვების ჩატარების თარიღს, – ჩატარებულია 2021 წლის 26 თებერვლამდე. საქართველოს პოლიტიკურ ველზე, სერიოზული ცვლილებები სწორედ, 23 თებერვლის შემდეგ მოხდა, დააკავეს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია, შემდეგ ჩამოვიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ამის შემდეგ კი მისი წარმომადგენლის, დანიელსონის მედიაციით მოლაპარაკებები შედგა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. აქედან გამომდინარე, ძირითადი პერიპეტიები ამ ველზე, სწორედ კვლევის შემდეგ განვითარდა. ამიტომ, შესაძლებელია, ამ კვლეევის შედეგები ახლა განსხვავებული იყოს და სურათი შეცვლილი აღმოჩნდეს. ჩემთვის საინტერესო იქნება მარტი-აპრილის კვლევები, ამ პერიოდის მონაცემები ყველაზე კარგად აჩვენებს როგორია ხალხის განწყობა.

თქვენ ყურადღება გაამახვილეთ, კვლევის ჩატარების თარიღზე, ეს კვლევა მარტი-აპრილის თვეში რომ ჩაეტარებინათ, რა კუთხით იქნებოდა შეცვლილი მონაცემები?

როგორც ჩანს, მთელი ოპოზიციური სპექტრი არასაკამარისად დამაჯერებელი იყო დასავლეთისათვის, რომ დაემტკიცებინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ეუთოს დასკვნაში იყო მინიშნებები, რომ საკმარისად გამჭირვალედ და სამართლიანად არ იყო ჩატარებული არჩევნები, მაგრამ საერთო ჯამში მაინც აღნიშნულია, რომ არჩევნები ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. პრინციპში, დასავლეთს ეს სჭირდება, მას საქართველოში სიმშვიდე სურს. როგორც ჩანს, დასავლეთმა ჩათვალა, რომ ოპოზიცია დათანხმდებოდა პარლამენტში შესვლას, თუმცა ოპოზიციამ კატეგორიულად გადაწყვიტა არ შესულიყო. ამ ნაწილში საინტერესოა ის, რომ ოპოზიციას საზოგადოებამაც დაუჭრა მხარი. ოპოზიცია ახლა საზოგადოების მხრიდან არის შეგულიანებული. სწორედ, იმ 45 %-მა შეაგულიანა, რომელიც ემხრობა მათი მხრიდან ბოიკოტს, – ეს ძალიან დიდი ციფრია. ახლა ოპოზიცია პარლამენტში რომ შევიდეს, უზარმაზარ მხარდაჭერას დაკარგავს, პრაქტიკულად განულდება. მე, პირადად, ვემხრობი იმას, რომ დივერსიფიკაცია მომხდარიყო და ოპოზიციის გარკვეული ნაწილი შესულიყო, ნაწილი კი ქუჩაში დარჩენილიყო. მთავარი რატომაც მინდა ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდეს არის ის, რომ მე არ მემეტება ოპოზიციის მხარეს არსებული ინტელექტუალური ძალა ქუჩაში დასარჩენად. უბრალოდ საცოდაობაა, რომ ისინი პარლამენტში არ არიან და არ ეწევიან კანონშემოქმედებით საქმიანობას. გარდა ამისა, ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლა აუცილებელია იმ ცვლილებების გამო, რომელიც შეთანხმების დოკუმენტში 5 პუნქტიანი გეგმით არის გათვალისწინებული, მათ შორის, საკანონმდებლო და სამართლო რეფორმები. რანაირად უნდა განახორციელოს სასამართლო სისტემის რეფორმა ხელისუფლებამ ოპოზიციის კონტროლის გარეშე?!

ბოლო პერიოდის განმავლობაში, თქვენი აზრით, გაიზარდა თუ არა იმ ადამიანების რიცხვი ვისაც ვადამდელი არჩევნები სურს?

ვფიქრობ გაზრდილია. არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური კრიზისია და ამ კრიზისის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ვადამდელი არჩევნების გზით. უნდა აღინიშნოს, რომ არ არის აუცილებელი ვადამდელი არჩევნები მაინცდამაინც წელს ჩატარდეს, შესაძლოა ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ დაინიშნოს. ხელისუფლებამ რაღაც უნდა დათმოს, თუმცა ისინი არაფერს თმობენ. რეალურად, ოპოზიცია და ხელისუფლება 3 პუნქტზე თანხმდებოდა. ოპოზიციის მხრიდან კი ორი მთავარი მოთხოვნა იყო: პირველი, გამოეშვათ პოლიტპატიმრები, რომლებიც დასავლეთმა ნამდვილად ცნო პოლიტპატიმრებად, ხელისუფლების მტკიცებით კი ისინი დამნაშავეები არიან. მეორე – ვადამდელი არჩევნები, რის მიმართაც ხელისუფლება მკვეთრად ნეგატიურადაა განწყობილი და არ სურს გამოსავალის პოვნა. ცხადია, შესაძლებელი იყო რურუას შეწყალება, დანიელსონმა არაერთი შეხვედრა გამართა პრეზიდენტთან, თუმცა რურუას გათავისუფლება მაინც ვერ მოხერხდა, ეს ეხება – ნიკა მელიასაც. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" და უფლებადამცველების თქმით, არსებობს სამართლებრივი მექანიზმები, რითაც შესაძლებელია მელიას გათავისუფლება, ისე, რომ ყველამ თავისი სახე შეინარჩუნოს. თუ ხელისუფლების პოლიტიკური ნება იქნება, ამ ჩიხიდან გამოსავალი არსებობს. მეორე მხრივ, ოპოზიციას არ უნდა იყოს კატეგორიული იმ ნაწილში, რომ წელს ჩატარდეს მაინცდამაინც ვადამდელი არჩევნები. ორივე მხარემ რაღაც უნდა დათმოს. ფაქტია, რომ დღეს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც საკუთარი ამომრჩევლის მძევალია. ვერ ახერხებენ ამორმჩევლის განწყობას შესაბამისი მიმართულება მისცენ. ოპოზიციამ როგორც არ უნდა ავუხსნას საზოგადოებას, ის რომ მათი შესვლა პარლამენტში რეფორმების განსახორციელებლად მნიშვნელოვანია, ჩვენი ამომრჩეველი იტყვის რომ მას ასეთი ოპოზიცია არ სჭირდება. მეორე მხრივ, ხელისუფლებას საკუთარი ამომრჩეველი მოსთხოვს პასუხს – რატომ დაუთმო ოპოზიციას. რეალურად, პრობლემა მოსახლეობის პოლარიზაციაშია. მოსახლეობის დაკვეთაა ასეთი, მაგრამ აქამდე მოსახლეობა მიიყვანა პოლიტიკურმა პარტიებმა. ამ შემთხვევაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირია და რთულია, ამ სიტუაციიდან გამოსვლა, დანის პირზე გავლაა საჭირო.

ასევე, "IRI”-ის კვლევების თანახმად, გამოკითხულებიდან, პატრიარქის შემდეგ ყველაზე მეტად გახარია მოსწონთ. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია კვლევის ჩატარების თარიღი, ეს ასახავს იმ პერიოდს, სანამ გახარია პრემიერ-მინისტრობიდან გადადგებოდა. მის ამ ნაბიჯს დადებითი შეფასება მოჰყვა დასავლეთისა და საზოგადოების საკამოდ დიდი ნაწილის მხრიდან, მეტიც, მისი გამოსამშვიდობებელი სელფი ყველაზე რეიტინგული ფოტო გახდა. ამ ყველაფრისა და იმის გათვალისწინებით, რომ გახარიამ აქტიურ პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა, შესაძლოა თუ არა სწორედ ის აღმოჩნდეს მესამე ძალა, რომელიც ნეიტრალურ ამორმჩეველს მიიმხრობს?

გახარიას რეიტინგი მისი გადადგომის შემდეგ უფრო მაღალი იქნებოდა, თუმცა შემდეგ დაიწყებდა კლებას. ეს ჩვეეულებრივი ამბავია, საზოგადოებაში მისმა ამ ნაბიჯმა აღტაცება გამოიწვია და იმ მომენტში იმაზე მაღალი რეიტინგი ექნებოდა, ვიდრე კვლევის ჩატარების პერიოდში, მაგრამ როგორ მოახერხებს მომავალში გახარია ურთიერთობების დალაგებას პოლიტიკურ პარტიებთან ეს არის საინტერესოა. თუ ის პოლიტიკაში აქტიურად იქნება, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან მოუწევს ურთიერთობა. მას შემდეგ, რაც გამოჩნდება ვისთან და რა ფორმით ითანამშრომლებს ყოფილი პრემიერი, ამის მიხედით გადაწყვეტს ხალხი ღირს თუ არა მისთვის ხმის მიცემა. როგორი იქნება გახარიას პირველი პოლიტკური ნაბიჯი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გახარიას მხრიდან ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე მის საფლავთან მისვლა და ყვავილების მიტანა, გარკვეული რევერანსი იყო თავისი თანამემამულეების, სამშობლოს, ასევე, ძველი "ეროვნული მოძრაობის" მიმართ. საინტერესოა, როგორი იქნება მისი შემდეგი ნაბიჯები. რაც შეეხება მის რესურსს, როცა ის პოლიტიკაში ჩაერთო, ბიზნესომბუდსმენი იყო, მას შორიდან ვიცნობდი, ბიზნესმენები ძალიან აღფრთოვანებულები იყვნენ გახარიათი. შესაბამისად, გახარიამ იცის რა სჭირდება ბიზნესს და ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ბიზნესს დახმარებოდა, მან ეს პრემიერობის დროსაც განაგრძო. ბიზნესისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, გახარია პროგრესულად მოაზროვნე პიროვნებაა. მას კარგი ურთიერთობები აქვს ბიზნესმენებთან, აქედან გამომდინარე, ფინანსური რესურსების პრობლემა, პრინციპში, არ უნდა ჰქონდეს. თუ ვინ იქნება მის პოლიტიკურ გუნდში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, ხალხი ითხოვს სიახლეს. გახარიას უწევდა სახელმწიფო მოხელეებთან ურთიერთობა, მის გარშემო შეიკრა მათი გარკვეული ჯგუფი. გახარია თუ სახელმწიფო მოხელეებისა და გავლენიანი ბიზნესმენების შემოკრებას დაიწყებს, ამან შეიძლება უნდობლობა გააჩნინოს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიების მხრიდან მისი მისამართით იქნება ეჭვიანობა, რადგან ძლიერი მოთამაშე შემოდის პოლიტიკურ ველზე. მოცემულობა ასეთია, პოლიტიკაში გვაქვს ორი რადიკალურად განსხვავებული მხარე – "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან აფილირებული რამდენიმე ძალა, გარდა ამისა, შუაში არის "ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და ნაწილობრივ "ლეიბორისული პარტია", ასევე "გირჩი". ვფიქრობ, "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" გახარიას პოლიტიკაში შემოსვლით დაზრალდებიან. სწორედ გახარია წაიღებს მათი ამომრჩევლის დიდ წილს. გარდა ამისა, "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" რადიკალურ ოპოზიციასთან ასოცირდებიან უკვე, რადგან მათ ვერ მოახერხეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკება. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სწორედ შუა ნაწილშია ამომრჩევლის ძირითად ბეღელი.

ამ პოლიტიკურ მოცემულობაში, რა ფორმით იქნებით ჩართული პროცესებში და შესაძლოა თუ არა, რომ გახარიასთან გარვეული მოლაპარაკებები გქონდეთ?

ჩვენი პარტიის იდეოლოგიაა მემარჯვენე კონსერვატორები, ალბათ, უფრო ცენტრისკენ გადახრილი. ეს ისტორიულად ასეა და მე ამ იდეოლოგიას სრულიად ვიზიარებ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ რადიკალიზაცია ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მომავალში მაქსიმალურად მოქნილები და აბსოლუტურად ღია ვიქნებით ყველანაირი თანამშრომლობისთვის ნებისმერ ძალასთან, გარდა იმ ძალებისა, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი ქვეყნის ოკუპანტს.

ავტორი: ნენე ინჯგია