ნიკოლოზ ვაშაკიძე - ივანიშვილმა დაგვაფრთიანა და ახლა საერთოდ აღარ ერევა მართვაშიო, ეს იმ გამონათქვამს მაგონებს, რომ გვიმტკიცებენ, მშობელი ოჯახის წევრი არ არისო

რამდენიც არ უნდა ივარჯიშონ რიტორიკასა და სქოლასტიკაში "ქართული ოცნების" კაპიტნებმა, მათ ვითომ არგუმენტებს დეოლიგარქიზაციის, დეპოლარიზაციის და სხვა სადავო საკითხებთან დაკავშირებით არავინ დაიჯერებს, რადგან ისინი თვალსაჩინო რეალობას და ელემენტარულ საღ აზრს ეწინააღმდეგება და სიტყვებით ჟონგლირებას წარმოადგენს - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.


მისივე თქმით, შეუძლებელია აშშ-ს და ევროპას რამე ემოციური პრეფერენციები ჰქონდეს საქართველოში რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს.


“მრავალი განცხადება გააკეთეს, ღარიბაშვილმა, კობახიძემ, პაპუაშვილმა, ასევე საეჭვო როლზე დანიშნულმა ოცნებიდან ვითომ გამოსულმა „ტრიომ“, ყოველი მომდევნო განცხადების შემდეგ ისინი კიდევ უფრო იბლანდებიან, რადგან მარტივ ჭეშმარიტებებს ებრძვიან.


შეუძლებელია აშშ-ს და ევროპას რამე ემოციური პრეფერენციები ჰქონდეს საქართველოში რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. მით უმეტეს, კარგად ვიცით, მათ მხარი დაუჭირეს და მიესალმნენ 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას;


უსაფუძვლოა, თითქოს დასავლელი პარტნიორები თავიანთ პოზიციას საქართველოს მიმართ ოპოზიციის მიერ მიწოდებული ნარატივებით აყალიბებენ. მათ თავიანთი მისიები აქვთ საქართველოში და დამოუკიდებლად და ობიექტურად სწავლობენ სიტუაციას. გააჩნიათ უამრავი სხვა ინფორმაციის წყარო და სურათის დანახვა და დასკვნის გამოტანა მშვენივრად შეუძლიათ;


სისულელეა ეკონომიკურ აღმავლობაზე და კეთილდღეობაზე საუბარი, როცა მილიონამდე მოქალაქე გაგექცა ქვეყნიდან;


აბსურდის მწვერვალია ამტკიცო, რომ მაღალი საარჩევნო პროცენტული ბარიერი უფრო სასარგებლოა დეპოლარიზაციისთვის, ვიდრე პირიქით, მაშინ როცა ცხადზე უცხადესია, რომ მაღალი ბარიერი პოლიტიკურ ველზე სწორედ მხოლოდ ყველაზე უფრო პოლარულად დაპირისპირებული ორი ძალის დარჩენას უწყობს ხელს. იგივე ეხება პოლიტიკურ ბლოკებს;


ივანიშვილმა დაგვაფრთიანა და ახლა ოლიგარქი არ არის, საერთოდ აღარ ერევა მართვაშიო - ეს მათსავე გამონათქვამს მაგონებს, როცა მთელ ქონებას მშობლებზე აფორმებენ და უტიფრად ამტკიცებენ, მშობელი ოჯახის წევრი არ არისო”, - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.


გიორგი ვაშაკიძის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.


"ინტერპრესნიუსი"