მამუკა გამყრელიძე – „ნაციონალებს, „ლელოსა” და „სტრატეგია აღმაშენებელს” რა უნდათ, გაუგებარია”

„ახალი თაობის” კითხვებს ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.

„ახალი თაობის” კითხვებს ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.

– ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს. იყო ხალხმრავალი გამოსვლები, თუმცა ეს ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა. ბევრი საყვედურიც მოვისმინეთ. ამ სიტუაციამ კიდევ უფრო მეტი ნიჰილიზმი და იმედგაცრუება გამოიწვია საზოგადოებაში. ისევ ხელისუფლება დარჩა მოგებულიო. არადა, წინ 12 პუნქტია შესასრულებელი. ოპოზიცია ვაჭრობის და კინკლაობის რეჟიმშია გადასული. რა მოლოდინი გაქვთ?

– რომ გითხრათ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი-მეთქი, მოგატყუებთ. ის გამონათქვამები, რაც მოდის მთავრობის მხრიდან, ასევე ოპოზიციის დაქსაქსულობაც, ოპტიმიზმის საფუძველს არ მაძლევს. რაც შეეხება იმ გამოსვლებს, პირველი ხალხმრავალი აქცია იყო აბსოლუტურად სწორად გათვლილი და სწორი მიზანიც ჰქონდა. ეს იყო ჩვენება ევროპისადმი, რომ ყველას ერთად, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, გვაქვს ევროპული მისწრაფებები.

– შემდეგ რა მოხდა?

– შემდეგ უკვე ჩაირთო პოლიტიკური მოთხოვნები და ჩვენ დავინახეთ, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ხალხის რაოდენობა. როგორც კი პოლიტიკური მოთხოვნები ჩაერთო, ეს ერთიანობა დაიკარგა. ცხადია, იქ “ქართული ოცნების” მომხრეები აღარ მივიდოდნენ გასაგები მიზეზების გამო. მეორეც, თავად პოლიტიკური მოთხოვნების დამყენებლებს შორისაც არ არის ერთიანობა და რამდენიმე ჯგუფად არიან დაყოფილი. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, საზოგადოება იბნევა. არ იცის, ვის გაყვეს, როგორ გაყვეს, ლიდერი არ ჩანს. მიჩვეულია ქართველი საზოგადოება ლიდერს. ოპოზიცია დამოუკიდებლად ხალხის გამოყვანას ვერ ახერხებს, ერთიანობა არ არის და აქედან გამომდინარე, რომ იტყვიან, ხელისუფლება არის შოკოლადში.

– ოპოზიცია აცხადებს, რომ არ დაუჯდება სალაპარაკოდ ხელისუფლებას, არ შევლენ კომისიებში და აქვთ თავისი მოთხოვნები. რამდენად ჩიხში შევა სიტუაცია?

– რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით, ცოტა სხვანაირად ვხედავ და ვაფასებ იმ “კონსტრუქციული” ოპოზიციის მიდგომას. ახლა ჩვენი მიზანი რა უნდა იყოს? ჯერ მიზანში უნდა ჩამოვყალიბდეთ. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს ჩვენი მიზანი არის სტატუსის მიღება. ხელისუფლების ცვლილება თავისთავად, მაგრამ ამ სიტუაციაში ვადამდელი არჩევნების მოწვევა შეუძლებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ოპოზიცია ვერ ახერხებს პოლიტიკური კრიზისის შექმნას. ამიტომ, როდესაც გეუბნება ხელისუფლება, რომ მოდი, დავსხდეთ სალაპარაკოდ, იმისთვის, რომ შენ ევროკავშირს აჩვენო, კონსტრუქციული ხარ, რასაც გიფასებს ევროკავშირი ყოველთვის, შენ უნდა დაუჯდე სალაპარაკოდ. მე მესმის, რომ ამ კომიტეტებში აბსოლუტურად არაფერი არ გამოვა და იქნება ჩვეულებრივი ლაყბობა.

– აბა რისთვის უნდა დაუსხდნენ თუ ჩვეულებრივი დროის გაწელვა იქნება და მეტი არაფერი?

– კი, დროის გაწელვა იქნება ნამდვილად, მცდელობა უნდა იყოს. უნდა აჩვენო დასავლეთს, რომ კი ბატონო, მე მივდივარ ამაზე. როგორც კი დაინახავ, რომ ლაყბობაა და მეტი არაფერი, დაიწყო ყვირილი. მე დავჯექი, მაგრამ ისინი არაფერს არ აკეთებენ. ეს უფრო პიარაქციაა, ვიდრე რეალური საპარლამენტო სამუშაო. ძალიან დიდი ბოდიში და ცოდვა გამხელილი ჯობია. შარლ მიშელის დოკუმენტი ჩავარდა თავიდან ბოლომდე ოპოზიციის “დამსახურებით”. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას და ახლაც იმავეს აკეთებს.

– ამ ყველაფრის მიზანი?

– არ ვიცი, რა მიზანი აქვთ. კითხვები ნამდვილად ჩნდება. სწორედ მათ მისცეს საშუალება “ქართულ ოცნებას”, დაეტოვებინა შარლ მიშელის შეთანხმება და ხელები დაებანა. ახლაა და იმავეს აკეთებს.

– საით მიანიშნებთ, რომ “ოცნების” თამაშს თამაშობს?

– ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, რა მიზეზით არის ეს. არ მაინტერესებს, გაყიდულია თუ გამოყიდული. შედეგად თუ ვიღებ მე “ქართული ოცნების” თამაშს, მაშინ ეს ძალიან ცუდია. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა არ იქცევა სწორად. რა უნდათ, ვერ გავიგე! რევოლუციის მომწყობი ეგენი არ არიან. მარტო ნაციონალურ მოძრაობაზე არ ვლაპარაკობ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, “ლელოც” და “აღმაშენებელიც” იმავეს აკეთებს და სრულიად გაუგებარია მათი პოზიცია. ხელისუფლება რომ არ წავიდეს ბარიერის დაწევაზე, ვერც “აღმაშენებელი” და ვერც “ლელო” ვერ მოხვდებიან პარლამენტში.

– ულტიმატუმის ენით საუბრობს ხელისუფლება, ხომ ვნახეთ, რა განაცხადა კობახიძემ, მოგვეცით სტატუსი და დავწევთ ბარიერსო. შანტაჟის და ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან ევროპას?

– რა თქმა უნდა! დაინახეს, რომ უმძიმეს სიტუაციაში ჩავარდა ბიძინა ივანიშვილი, მათი მამა და მარჩენალი. მას აქვს სერიოზული ფინანსური პრობლემები შვეიცარიასთან და, როგორც ჩანს, დასანქცირების საკითხიც აუცილებლად დადგება დღის წესრიგში. “ქართული ოცნებიდან” რაღაცა ნაწილსაც დაადებენ სანქციებს. ასევე, რამდენიმე მოსამართლესაც. როგორც ჩანს, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთლიანად ხისტი პოზიცია დაიჭიროს და დაუპირისპირდეს ევროკავშირს. ასევე მარაზმი იყო იმ სამი დეპუტატის გამოყოფა “ოცნებიდან”.

– და რა ხდება, ბიძინა ვაბანკზე მიდის?

– როგორც ჩანს, ვაბანკზე წავიდა. მას რა გამოსავალი აქვს? ან ბოლომდე უნდა დაუწვეს რუსეთს, ან რაღაცნაირად აიძულოს ევროკავშირი, რომ მას დაელაპარაკონ. როგორც ჩანს, არ ელაპარაკებიან და ეს ულტიმატუმები სწორედ ამის მომასწავებელია.

– რამდენად საშიშ თამაშში შევიდა ბიძინა ივანიშვილი?

– სახელმწიფოსთვის საშიშ თამაშში შევიდა, თორემ მისთვის საშიშია თუ არა, ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. სახელმწიფოსთვის კი ძალიან პრობლემური საკითხია. ჩვენი გეოპოლიტიკური სიტუაციაც აუცილებლად უნდა განვიხილოთ. მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს საქართველო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება კორიდორული თვალსაზრისით.

– ეს ხელისუფლებამაც იცის და ამიტომ აქვს ასეთი მაღალი გონორი?

– რასაკვირველია. დღეს საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი კორიდორია. ეს კი პირდაპირ რუსეთის ინტერესებშია. აქ ხდება ძალიან მკვეთრი გადაკვეთა, ორი სრულიად სხვადასხვა ინტერესის. მე აბსოლუტურად მესმის “ქართული ოცნების” სიფრთხილე და შიში, რომ რუსეთი არ გავაღიზიანოთ და რაღაც ისეთი არ მოხდეს. თუნდაც ამ კორიდორის ძალისმიერი დაკავება რუსეთის მხრიდან. თუმცა ეს უაზრო რიტორიკა, რომ ჩვენი ომში ჩართვა უნდათ და ასე შემდეგ, ეს ბოდვა და სისულელეა. მიკვირს, რომ საქართველოში არიან ადამიანები, ვისაც ამის სჯერა. ფაქტი ის არის, რომ რეალურად დღეს ჩვენ ძალიან საშიშ მდგომარეობაში ვართ. ასეთ საშიშ მდგომარეობაში კი ქვეყანას მართავს სრულიად უუნარო ხელისუფლება. მათ მავნებლობა კარგად შეუძლიათ, მაგრამ მათი თავისუფლების ხარისხი, მთლიანად არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე.

– და ამ დროს ივანიშვილს მხოლოდ საკუთარი ინტერესი ამოძრავებს?

– მხოლოდ საკუთარი ინტერესი და ის მართლა ვაბანკზე წავა და დაეჯახება ევროპას ყველანაირად იმისთვის, რომ თავის ფული რაღაცნაირად დაიხსნას. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დასავლეთის პოზიცია. არც ისინი ჩქარობენ დასანქცირებას, რომ ბოლომდე რუსეთის ხახაში არ გადავარდეს ხელისუფლებაც და, სამწუხაროდ, ქვეყანაც. იმდენი ფულია დახარჯული საქართველოში ამერიკის და ევროპის მხრიდან, რომ შეუძლებელია და არ მჯერა, რომ ისინი დათმობენ პოზიციებს რაიმე საკითხში. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ საქართველოს დაკარგვა, მათთვის მთლიანად სამხრეთ კავკასიის დაკარგვას ნიშნავს. ამიტომ დათმობა არავითარ შემთხვევაში არ მოხდება.


ნონა ცაბაძე, ახალი თაობა