ნიკოლოზ ვაშაკიძე: „კრიტიკულ ფაზაში შევედით“
ყოფილი დიპლომატის, „ევროპელი დემოკრატების“ წევრი ნიკოლოზ ვაშაკიძის შეფასებით, საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანზე ორკესტრირებული შეტევა უკვე აისახა საქართველო-აშშ–ის ურთიერთობებზე, რისი გამოძახილიცაა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ნედ პრაისის მიერ ტრადიციული ბრიფინგის საქართველოს თემით გახსნა, კრიტიკული გზავნილები და ელჩისადმი მხარდაჭერა.
ვაშაკიძის ხედვით, საქართველოს ხელისუფლებას აშშ–დან ცალსახად მიუთითეს, რომ მათ საქმე არა ელჩის პირად შეხედულებებთან, არამედ სახელმწიფოს პოზიციასთან აქვთ და ამით პრაქტიკულად მიანიშნეს, შეწყვიტონ ელჩთან უსაგნო პოლემიკა.
„ელჩს არავინ გაიწვევს, მით უმეტეს, მსგავს ფონზე. ეს გამორიცხულია. მეორე, მცდელობები, რომ გამიჯნონ ელჩის და სახელმწიფოს პოზიცია, არასერიოზულია. ელჩი სახელმწიფოს პოზიციას გამოხატავს. ეს პოზიცია არაერთგზის აქვს შეთანხმებული თავის ხელმძღვანელობასთან. უნდა ესმოდეთ ისიც, რომ ელჩზე თავდასხმა ცალსახად სახელმწიფოზე თავდასხმას გულისხმობს“,– განმარტავს „აქცენტთან“ ვაშაკიძე.
მისი დაკვირვებით, მმართველი გუნდი პასუხისმგებლობის პერსონებისთვის დაკისრებით უშედეგოდ ცდილობს მის მიერვე შექმნილი ჩიხიდან თავის დაღწევას:
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, სამწუხაროდ, კონფლიქტში შევიდა ჩვენს ორ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ევროკავშირთან და აშშ–სთან. იმის გამო, რომ მათ ჩიხში შეიყვანეს ქვეყნის საშინაო და საგარეო ურთიერთობები, სურთ, ეს რაღაც სუბიექტური ფაქტორებით გაამართლონ: ქვეყნის შიგნით - „რადიკალური ოპოზიციის“ ქცევით, ხოლო საგარეო ურთიერთობების კონტექსტში ცდილობენ, აქცენტები ცალკეულ პიროვნებებზე გადაიტანონ – ელჩებზე, ევროპარლამენტის ცალკეულ დეპუტატებზე და ა.შ. მაგრამ საგარეო ურთიერთობები ფრაგმენტირებული არაა, მათი [პარტნიორების – რედ.] პოზიციები საერთო განწყობის გამოხატულებაა. შესაბამისად, მსგავსი მიდგომით დიდხანს ფონს ვერ გახვალ. ეს იმთავითვე არასწორი იყო და, რა თქმა უნდა, წარუმატებელიც აღმოჩნდა“.
ვაშაკიძის ხედვით, მმართველი გუნდი „კულუარულ ვაჭრობაზე“ ამყარებს იმედს, რათა არაფორმალური მმართველის პოზიციები შენარჩუნდეს:
"თუ აქამდე ჯერ კიდევ არსებობდა რესურსი, კოსმეტიკური რეფორმები ქვეყნის მეტ–ნაკლებ წინსვლად შეფასებულიყო, ამჟამად განსხვავებული ვითარებაა – კონკრეტული რეფორმებია აუცილებელი, თუმცა ეს რეფორმები რეჟიმის საფუძვლებს შეარყევს, უნდა გადავიდნენ რა დემოკრატიულ პრინციპებზე და სწორედ ამ ვითარებამ წარმოშვა ჩიხი და კონფლიქტი პარტნიორებთან".
მისივე ვარაუდით, სახელისუფლებო გუნდს ჯერ კიდევ აქვს ილუზია, რომ კვლავ რჩება რაღაც რესურსი და ამგვარი პოზიციონირებით ცდილობს გადარჩენას, მაგრამ რეალურად, „კრიტიკულ ფაზაში ვართ შესულები“.
ვაშაკიძე არ გამორიცხავს, რომ „ვაჭრობის პროცესში“ მმართველ გუნდს შესაძლოა, გარკვეულ ბერკეტს აძლევდეს დასავლეთის გაზრდილი ინტერესი რეგიონის, როგორც რუსეთის ალტერნატიული დერეფნის მიმართ:
„ახლა კვლავ აქტუალურია საქართველოს დერეფნის ფუნქციის საკითხი, განსაკუთრებით ურსულა ფონ დენ ლაიენის ბაქოში ვიზიტის ფონზე. ყაზახური ენერგომატარებლების ტრანზიტიც იგულისხმება პერსპექტივაში, თურქმენეთიც არ უნდა გამოვრიცხოთ... შესაძლოა, სწორედ ეს მომენტი გამოიყენება ამ ვაჭრობისთვის. ვშიშობ, გარკვეული ვაჭრობა მიდის სწორედ ქვეყნის საგარეო ორიენტაციით – ვისი პოლიტიკური კონტროლის ქვეშ იქნება ეს დერეფანი. უნდა გვესმოდეს, რომ ეს დერეფანი რუსეთის ალტერნატივაა. შესაბამისად, პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს სუვერენული და პროდასავლური პოლიტიკა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს დარჩება დასავლეთზე ზეწოლის ბერკეტი“.
კითხვას, აქვს კი მსგავსი სახის ვაჭრობას პერსპექტივა, ვაშაკიძე ასე პასუხობს:
„ვფიქრობ, რაღაც შეჯერების წერტილები არსებობს, მაგრამ სერიოზული ცვლილებები მაინც აუცილებელია. საუბარი იმაზეა, რომ საქართველოში რაღაცნაირად უნდა გაიხსნას პოლიტიკური ველი და „ქართული ოცნების“ მონოპოლია ყველა ტიპის ხელისუფლებაზე უნდა დასრულდეს, რადგან ამგვარი სახელმწიფო მოწყობის მოდელი ზემოხსენებულ ფუნქციას არ შეესაბამება. ვფიქრობ, ამ პროცესში მაქსიმუმის გადარჩენას ცდილობს „ქართული ოცნება“ – პირადად ბიძინა ივანიშვილის პოზიციების შენარჩუნებას: ის შეიძლება, წავიდეს მთავრობის შეცვლაზე, ვადამდელ არჩევნებზე კი, მაგრამ სურს, დარწმუნდეს, რომ ამ ცვლილებების პირობებში პოლიტიკურ კონტროლს, ძალაუფლებას შეინარჩუნებს. როგორც ჩანს, ამის ირგვლივ მიმდინარეობს ვაჭრობა. რამდენად გამოუვა, ამას საკმაოდ მალე ვნახავ, რადგან ვფიქრობ, პროცესები დაჩქარებულია“.
იხილეთ ასევე: რეალური მოვლენები "ოცნების" პროპაგანდის წინააღმდეგ
ცნობისთვის: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი ტრადიციულ ბრიფინგზე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას და განაცხადა, რომ ელჩს ვაშინგტონისგან სრული მხარდაჭერა აქვს.
ნედ პრაისმა 20 ივლისის ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა და თქვა, რომ საელჩო თბილისში ყველაფერს აკეთებს საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდასაჭერად.
მისი თქმით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა კელი დეგნანსა და მის გუნდზე არ არის შესაბამისი იმ კომუნიკაციისა, რაც პარტნიორებს აქვთ.
"როგორც იცით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გაუფართოვა ევროპული პერსპექტივა და მისცა საგზაო რუკა რეფორმებისა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სრული სტატუსი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეები, დიდი უმრავლესობით, მხარს უჭერენ ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, ცხადია, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, თითქოს, მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან გადახვევას. ელჩი დეგნანი და მისი გუნდი თბილისში მოწოდებულნი არიან, რომ იმუშაონ საქართველოს მოქალაქეებთან და მხარი დაუჭირონ მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ არის შესაბამისი იმ კომუნიკაციისა, რაც პარტნიორებს აქვთ. ჩვენ განვაგრძობთ საერთო მიზნების მხარდაჭერას. 30 წელია მხარდამხარ ვმუშაობთ დემოკრატიულ რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების თანამშრომლობაზე, რაც უცვლელი რჩება. დღეს, აშშ მუშაობს ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ერთად, რათა პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინაში დაასრულოს რაც შეიძლება მალე, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო მომავალი მთელი რეგიონისთვის. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვაგრძელებთ მშვიდობიანი მცდელობების მხარდაჭერას, რათა დასრულდეს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია".
https://accentnews.ge/