ნიკოლოზ ვაშაკიძე - შარლ მიშელის დიდი ძალისხმევით მიღწეული შეთანხმება „ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოცნებამ" რომ ნაგვის ყუთში გაუშვეს, ეს კარლ ჰარცელის ბრალი არ არის
ელჩი წარმოადგენს და განასახიერებს თავის სახელმწიფოს ან გაერთიანებას, ამას გვეუბნება დიპლომატიის ანბანი, შესაბამისად, აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებზე თავდასხმა არის თავდასხმა აშშ-ზე და ევროკავშირზე, აქედან შეგვიძლია დასკვნა, რა გზით მიჰყავს საქართველო "ქართულ ოცნებას" - ამის შესახებ პარტია“ ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შარლ მიშელის დიდი ძალისხმევით მიღწეული შეთანხმება "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოცნებამ" ნაგვის ყუთში გაუშვეს.
„აქვე უნდა გავიხსენოთ აშშ-ს ელჩის მიმართ შარშანწინდელი ანალოგიური საქციელი ოპოზიციური ბანაკის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან. საქართველოში ძალზედ გავრცელებულია სურვილი ეძიონ პრობლემების სათავე არა საკუთარ თავში, არამედ გარეთ. ცალსახად უნდა ითქვას, რომ ამგვარი დამოკიდებულება დიპკორპუსის მიმართ არანაირ სიკეთეს არ მოუტანს ქვეყანას. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ელჩები აჟღერებენ არა საკუთარ, არამედ თავიანთი სახელმწიფოების და შესაბამისი გაერთიანებების პოზიციას.
„ოცნების" მესვეურებმა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს საქართველოში მუშაობა დაუწუნეს. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ელჩის დროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უპრეცედენტო სიხშირით რამდენიმეჯერ ეწვია საქართველოს. არ ვიცი ამაზე უკეთესად რა უნდა ახასიათებდეს ელჩის მუშაობას. ის, რომ შარლ მიშელის დიდი ძალისხმევით მიღწეული შეთანხმება "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ქართულმა ოცნებამ" ნაგვის ყუთში გაუშვეს, ეს უკვე კარლ ჰარცელის ბრალი არ არის. ისევე, როგორც არც ის სიმახინჯეებია მისი ბრალი, რომლებისთვისაც ევროკავშირი საქართველოს და მის ხელისუფლებას აკრიტიკებს და რომელთა გამოსწორებისკენ მოუწოდებს 12-პუნქტიან გეგმაში”, - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
"ინტერპრესნიუსი"