მამუკა გამყრელიძე - დასავლეთი ქართველ ხალხს და ხელისუფლებას უკვე მკვეთრად მიჯნავს - მოდის სიგნალები, რომ დასავლეთი მზად არის მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი ხალხს და ოპოზიციას, რათა ხელისუფლება შეიცვალოს

ხელისუფლების უპრეცედენტო ანტიდასავლური კამპანია და ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებზე მიზანმიმართული შტურმი ნათლად აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესში ევროკავშირის წევრობა და დასავლეთთან დაახლოება არ არის, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ქვეყანა რუსეთის გავლენის სფეროში გადადის, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.


მისივე თქმით, დასავლეთიდან მკვეთრი სიგნალები მოდის, რომ დასავლეთი მზად არის, ქართველ ხალხს და ოპოზიციას მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი, რათა ხელისუფლება შეიცვალოს, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან ამ მიმართულებით გაკეთებულ მკვეთრ ნაბიჯებს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ.


„ხელისუფლების წარმომადგენლების თავდასხმები ევროკავშირის და ამერიკის ელჩებზე, პარლამენტარების მდაბიო რიტორიკით სავსე გამონათქვამები, ქმნის მძიმე ანტიდასავლურ ფონს და ჩვენი პარტნიორების მიმართ ხელისუფლების აგრესიულ პოლიტიკას ემსახურება.


საქართველოს ხელისუფლებას და დასავლეთს შორის ურთიერთობა დღითიდღე მწვავდება. ამაზე ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები მეტყველებს. დასავლეთი ქართველ ხალხს და ხელისუფლებას უკვე მკვეთრად მიჯნავს. ის „ქართულ ოცნებას“, როგორც ქართველი ხალხის მისწრაფებების გამომხატველს და თანაზიარს ვეღარ მოისაზრებს. ამის პასუხია, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადება. გარდა იმისა, რომ სახდეპმა კელი დეგნანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, ამავე დროს ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტიც და საელჩოც ქართველი ხალხის დასავლური მისწრაფებების შესახებ კარგად არის ინფორმირებული და ქართველ ხალხთან ერთად, ევროპული მიზნების მისაღწევად მუშაობენ. მას ამ პოზიტიურ კონტექსტში ხელისუფლება საერთოდ არ უხსენებია.


ხელისუფლების ევროკავშირის და ამერიკის ელჩებზე თავდასხმა ქვეყანას აზიანებს. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას კარლ ჰარცელისთვის მადლობა გადაეხადა, რომელმაც ამ ურთულესი ოთხი წლის განმავლობაში ბრწყინვალედ იმუშავა და შარლ მიშელის დოკუმენტის მომზადებაში უზარმაზარი წვლილი ჩადო, ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების მძიმე შეფასებები ვიხილეთ, რაც დასავლეთთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა. სამწუხაროდ, საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს, ძალიან გამოცდილ პოლონელ დიპლომატს, პაველ ჰერჩინსკის სამუშაოდ ასეთი მძიმე ფონი ხვდება.


„ქართული ოცნების“ მკვეთრად ანტიდასავლური პოზიცია საზიანოა, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ხალხისთვის. სამწუხაროდ, ამ პირობებში„ქართულ ოცნებას“ სიცოცხლეს ოპოზიციური პარტიების ერთგვარი პასიურობა, დაქსაქსულობა და არათანმიმდევრულობა უხანგრძლივებს. დასავლეთიდან მკვეთრი სიგნალები მოდის, რომ დასავლეთი მზად არის, ქართველ ხალხს და ოპოზიციას მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი, რათა ხელისუფლება შეიცვალოს, მაგრამ ჯერჯერობით ოპოზიციის მხრიდან ამ მიმართულებით გაკეთებულ მკვეთრ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. ოპოზიციის ერთი ნაწილი მზადაა, ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად ხელისუფლებასთან ერთად იმუშაოს, მეორე ნაწილი ამას არ იზიარებს და არც პარლამენტის დატოვებას აპირებს. საბოლოო ჯამში, ასეთი მიდგომებით ჩვენ ჩვენს მიზანს - ევროკავშირის წევრობას ყოველდღე დავშორდებით“, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.


"ინტეპრესნიუსი"