მამუკა გამყრელიძე - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებასთან ერთად ექიმებსაც ეკისრებათ, მათ უნდა გამოიჩინონ გამბედაობა, გასცენ რეკომენდაცია მის უცხოეთში სამკურნალოდ

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე იუსტიციის სამინისტრო ეყრდნობა და მუდმივად აპელირებს სამედიცინო დასკვნას, შეიძლება ითქვას, რომ ფარად იყენებს ექიმებს. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელისგან, რომელიც არის პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გუშინ პირველად მოვისმინეთ, რომ შეიმჩნევა უარყოფითი დინამიკა, რაც ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა არა თუ უმჯობესდება, რეალურად უკან და უკან მიდის, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი პირის აღნიშნული განცხადება მთავრობისთვის სიგნალი უნდა იყოს.
„იუსტიციის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელია პატიმარ სააკაშვილის მდგომარეობაზე, მთელი ამ თვეების განმავლობაში ინსტრუმენტად იყენებდა ექიმებს და სამედიცინო დასკვნას. აქამდე მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმებისგან ჩვენ ვერ მოვისმინეთ, არის თუ არა შესაძლებელი მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელება, ან თუ ისინი მათ ხელთ არსებული რესურსით ვერ ახერხებენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ექიმებმა უნდა გააცნობიერონ, რომ თუ მათი რესურსით ვერ ხერხდება მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელება, რაც გვიჩვენა ამ თვეების დინამიკამ, მათ უნდა ეყოთ გამბედაობა, ამის შესახებ ხმამაღლა განაცხადონ და ხელისუფლებას მისცენ რეკომენდაცია, რათა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უცხოეთის შესაბამის კლინიკაში სამკურნალოდ.
სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან, გუშინ პირველად გაჟღერდა, რომ შეიმჩნევა ჯანმრთელობის მდგომარეობის უარყოფითი დინამიკა, რაც პირდაპირი დადასტურებაა იმისა, რომ ამ სამედიცინო დაწესებულებაში, იმ ტექნოლოგიების თუ შესაძლებლობების გამოყენებით, რაც მათ აქვთ, შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის გამოჯანმრთელება. ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არა თუ უმჯობესდება, პირიქით რეალურად უკან და უკან მიდის, რის შესახებაც აქამდე მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ახლობლები და ადვოკატები საუბრობდნენ, ახლა კი უკვე მის მკურნალობაზე პასუხისმგებელი დაწესებულებაც ადასტურებს.
როგორც არ უნდა გვიმტკიცოს ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც რიგითი პატიმარი. რადგან მისი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უკვე დადასტურდა სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ, ხელისუფლების მხრიდან ჰუმანური დამოკიდებულების გამოხატვა იქნება მიხეილ სააკაშვილის არა პატიმრობიდან განთავისუფლება, არამედ მისი გადაყვანა სამკურნალოდ იმ ქვეყანაში, სადაც შესაძლებელია მისი სათანადოდ მკურნალობა. ეს შესაძლოა განხორციელდეს მისი პირადი ან მისი მხარდამჭერების ხარჯებით, თუ ამის საშუალებას იძლევა საქართველოს კანონმდებლობა.
მიხეილ სააკაშვილის კონტრვერსიული ფიგურის მიუხედავად, ეს იქნება ხელისუფლების და საზოგადოების მხრიდან ჰუმანური აქტი, თუ რა თქმა, უნდა ხელისუფლების მიზანი არ არის მიხეილ სააკაშვილის ჩუმი და ნელი სიკვდილი ექიმების ხელით, რაც არა მარტო ხელისუფლებას, კონკრეტულად ამ სამედიცინო დაწესებულებას და მის მკურნალ ექიმებს დააკისრებს უმძიმეს პასუხისმგებლობას“, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.
"ინტერპრესნიუსი"