მამუკა გამყრელიძე - მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რომ არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის ბოროტად გამოყენება

მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რომ არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის ბოროტად გამოყენება, - ამის შესახებ Front News-ს პარტია "ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, დიპლომატმა მამუკა გამყრელიძემ ჩეხეთის ელჩის განცხადებაზე საუბრისას განუცხადა. 

მისი თქმით,  სანქცირებული პროდუქციის რეექსპორტი და მესამე ქვეყნის ჩართვა ისეთივე დასჯადი გახდა, როგორც სანქცირებული საქონლის პირდაპირი მიწოდება. 

"ვინაიდან ევროკავშირმა მიიღო დადგენილება, რომ რეექსპორტი და მესამე ქვეყნის ჩართვა ისეთივე დასჯადი გახდა, როგორც სანქცირებული საქონლის პირდაპირი მიწოდება, ეს ნიშნავს,  მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო, რომ არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის ბოროტად გამოყენება. 

რადგან მოვიდა ასეთი სიგნალი ჩეხეთიდან, მაშინ აუცილებლად უნდა ნახონ, ეს პროდუქცია საქართველოში სად გაიყიდა, თუ არ გაიყიდა და გაქრა, ეს უკვე სპეციალური სამსახურების საკითხია. თუ მოინდომებს ვინმე ამის გარკვევას, ძალიან მარტივია.

სახელმწიფოს საქმეა, რომ გააკონტროლოს, თუ გადის ისეთი რამ,  რაც სანქცირებულია. ეს ძალიან მარტივად გამოჩნდება, თუ გადის კონტრაბანდულად, ესეც გამოჩნდება“, - განაცხადა გამყრელიძემ. 

რაც შეეხება "ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებას, რომ ელჩის განცხადებაზე  დიპლომატიური რეაგირება იქნება, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ წესით,  საქმე აქამდე არ უნდა მივიდეს. 

"მეგობარი სახელმწიფოს ელჩმა გამოთქვა ვარაუდი, მას არაფერი დაუბრალებია, რად უნდა დიპლომატიური პასუხი? ამას ჭირდება რეაგირება და  გადამოწმება, რაც არ არის პრობლემა, თუ ამას არ გააპრობლემებენ, თუმცა სულ არ მიკვირს,  რომ ცდილობდნენ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის გაფუჭებას“, - განაცხადა გამყრელიძემ. 

ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი "თითქმის გაორმაგებულია“, რაც აჩენს ეჭვს, რომ სხვაობის ნაწილი მაინც რუსეთის ფედერაციაში გადის.


"ფრონტნიუსი"