პაატა დავითაია: “რუსები აფხაზებს ზღვაზე აღარ უშვებენ”

რუსები ოკუპირებული ბიჭვინთის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. აფხაზები ამას ჯერჯერობით ეწინააღმდეგებიან. სადამდე შეძლებენ ისინი მოსკოვისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ამის შესახებ „თაიმერს“ „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, პაატა დავითაია ესაუბრება.

– დღეს, რუსებისთვის მთელი მსოფლიო დაკეტილია და ამიტომაც დაადგეს თვალი ბიჭვინთას. ბიჭვინთა მანამდეც ჰქონდათ მმართველობაში, მაგრამ აფხაზებიც ახერხებდნენ იქ შესვლას. ახლა მოინდომეს ბიჭვინთაში ფულის ჩადება. შემოღობეს იქაურობა, რათა ტოტალური კონტროლი ჰქონდეთ. აფხაზები რეალურად ზღვაზე ვეღარ გადიან. ამას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. მათ, არ სურთ, რუსებს საკუთრებაში გადასცენ მიწა. აქ, საკუთრებაში გადაცემაზე არც არის საუბარი, 50 წლიან იჯარაზეა დოკუმენტი მომზადებული, მაგრამ ყველაფერი ისეა შედგენილი, რომ აფხაზები ზღვის ნაპირამდეც კი ვერ მივლენ. ამ საკითხზე მომზადებული დოკუმენტი ერთხელ უკვე შევიდა პარლამენტში განსახილვევლად, რასაც დიდი ამბავი მოჰყვა. საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განხილვა შეჩერდა. ამ, რამდენიმე თვის განმავლობაში, იყო სიჩუმე.

– ამ საკითხზე, არც ოფიციალურ თბილისს ამოუღია ხმა…

– საქართველოში ტერიტორიული მთლიანობა, რომ არავის აინტერესებს, ამაში სულ უფრო ღრმად ვრწმუნდები. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის სათათბირომ მიიღო გადაწყვეტილება, სადაც საუბარია კანონპროექტის რატიფიკაციაზე, ასევე, აფხაზებისთვის სპეციალურ სოციალურ დახმარებებზე. ამ ფაქტმა, საქართველოში ჩუმად და წყნარად ჩაიარა. ეს არის ქრთამი ბიჭვინთისათვის. სოციალური დახმარება რუსებმა შესაძლოა აფხაზეთის ყველა მოქალაქეს მისცენ. ეს არის მოქრთამვა! მოქრთამვის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ვიგებთ, რომ ბიჭვინთასთან დაკავშირებული საკითხი, პარლამენტში შევიდა. ახლა მე მაინტერესებს: მოქრთამავს, თუ არა, რუსეთი აფხაზებს.

– თქვენ როგორ ფიქრობთ, მოქრთამავს რუსეთი აფხაზებს?!

– ჩემი ხედვაა, რომ აფხაზები “გაჭედავენ”. არ ვიცი, როგორ დალაგდება ეს ყველაფერი, მაგრამ მგონია, რომ ამას მოჰყვება გარკვეული რეაქციები, რასაც უახლოეს დღეებში ვიხილავთ.

– რეაქციები, დიდი ალბათობით, აფხაზეთში მოჰყვება. საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ეს საკითხი არავის აინტერესებს…

– აქ, მთავრობას კი არა, მოქალაქეებს აღარ აინტეტრესებთ ტერიტორიული მთლიანობა. საწყენია, რაც ხდება და უნდა ვთქვა: ის, რაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, არც მედიის წარმომადგენლებს აინტერესებთ. რამდენიმე დღის წინ, ამ მოქრთამვაზე განცხახება გავაკეთე, მაგრამ „თაიმერის“ გარდა არავის გაუშუქებია. ჰო, „ინტერპრესნიუსიც“ დაინტერესდა ამ საკითხით…

– სამაგიეროდ, დიდი ინტერესით ვუყურებთ იმას, “ნაციონალები”, თუ, როგორ “ჭამენ” ერთმანეთს…

– ამასობაში კი, აფხაზეთში ჩვენი მიწების გადაფორმების პროცესი მიმდინარეობს. ზოგიერთ ჩვენ თანამოქალაქეს, აფხაზეთი სადღაც, კოსმოსში ჰგონია და სხვა სამყაროდ მიიჩნევენ. აფხაზეთი ჩვენი მიწაა და სადღაც, 300 კილომეტრშია თბილისიდან. აღარ მინდა მთავრობას რამე დავაბრალო, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მათ ვიცავ, უბრალოდ, ხალხსაც არ აინტერესებს დაკარგული ტერიტორიები. მთავრობა წარმოადგენს მოქალაქეების სახეს. არ აინტერესებს მოქალაქეებს?! არ აინტერესებს მთავრობას! გადამწყვეტი სიტყვა, რადგან მოქალაქეებს ეკისრებათ, მათ ვეკითხები: როდემდე შეიძლება სიჩუმე და როდემდე უნდა “გავატაროთ” ეს ყველაფერი?! რაღა დაგიმალოთ და ისევ, აფხაზების იმედი მაქვს!

– რაში გეიმედებიან აფხაზები?

– მჯერა, რომ ისინი აფხაზურ და ქართულ მიწებს გადაარჩენენ. ყველაზე საინტერესო იცით რა არის?! სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, ანალიზი არ კეთდება. არ სწავლობენ, რა მოჰყვება ამა, თუ იმ გადაწყვეტილებას. რუსეთმა ყველგან და ყველაფერი წააგო. “ნატოს” გაფართოების წინააღმდეგი იყო და “ნატოს” საზღვარი მიიღო პეტერბურგთან. გაზის შეწყვეტით აშანტაჟებდა ამდენი წელი ევროპას და დარჩა ეს გაზი ოხრად. იცით რას აკეთებენ ახლა?! გაზს წვავენ. ევროპა აღარ მოიხმარს ამ გაზს და სადღაც ხომ უნდა წაიღონ?! ამიტომ, წვავენ! ხომ ხვდებით სად არიან?! აქამდე ბიჭვინთა საერთოდ არ აინტერესებდათ, მაგრამ ახლა დაინტერესდნენ. სადმე მაინც ხომ უნდა იბანაონ ზღვაზე?!

– ზღვის გარეშე უჭირთ რუსებს…

– ყირიმში ვერ იბანავებენ, ჰაიმასრში შეიძლება მოხვდეთ. ტუაფსე და სოჭი დარჩათ მარტო. რაკეტა, სადაც არ მოხვდებათ, არის ოქროსავით აფხაზეთი, აქ იბანავებენ კიდევაც და მთებზე თხილამურებითაც შეუძლიათ ისრიალონ. სადაა სხვაგან ასეთი ბუნება?! გადაწყვიტეს ფული ბიჭვინთაში ჩადონ. რუსებს აქვთ ასეთი გამოთქმა: “ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს”. ფულს რაკი დებენ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც მათ სურთ. აფხაზები ამას ხვდებიან და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ბიჭვინთაში ისე არ მოხდეს, როგორც რუსებს სურთ. იმედი მაქვს, აფხაზები დაიცავენ ჩვენს მიწას!


თაიმერი