პაატა დავითაია - რუსები ძალიან გააქტიურდნენ ოკუპირებული ბიჭვინთის ხელში ჩასაგდებად

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიას შეფასებით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლა ოკუპირებულ სოხუმში და მისი შეხვედრები დე ფაქტო ლიდერებთან ადასტურებს იმ ზეწოლას, რაც რუსეთის მხრიდან აფხაზებზე გრძელდება.
როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამ ფაქტთან დაკავშირებით მკაცრი რეაგირება და შეფასება უნდა მოახდინოს.
„რუსები ძალიან გააქტიურდნენ ოკუპირებული ბიჭვინთის ხელში ჩასაგდებად. დღეს რუსებისთვის დაკეტილია თითქმის მთელი მსოფლიო. რუსეთის დუმის თავმჯდომარეს, რომელიც სანქცირებულია და არსად აღარ ჩაესვლება, ერთადერთ ადგილად რჩება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორია - აფხაზეთი. მან დააყენა საკითხი და მოაწერა ხელი საპარლამენტო თანამშრომლობაზე აფხაზეთის ე. წ. პარლამენტსა და რუსეთის სათათბიროს შორის დოკუმენტების რატიფიკაცისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური კომისია. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთის სათათბირომ ცოტა ხნის წინ გაუკეთა რატიფიცირება ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს სოციალური დახმარებების პაკეტს აფხაზეთისთვის, რაც არის აფხაზების „მოქრთამვა“ ბიჭვინთის საკითხის რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვეტასთან დაკავშირებით.
რუსეთის დუმის თავმჯდომარემ სოხუმში ჩასვლით დაარღვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და „კანონი ოკუპაციის შესახებ.“ საქართველოს ხელისუფლებამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ამ ფაქტთან დაკავშირებით უნდა მოახდინოს მკაცრი რეაგირება და შეფასება, რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებზე საქმის კურსში ჩააყენოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, - აცხადებს პაატა დავითაია, რომლის კომენტარსაც „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.
"ინტერპრესნიუსი"