მამუკა გამყრელიძე - ჩვენი ხელისუფლების უხეშ და გაუაზრებელ რიტორიკას დასავლეთის მიმართ, კრემლი საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებს

დასავლეთის მიმართ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების უხეში და გაუაზრებელი გამონათქვამები, კრემლს რეაგირების გარეშე არ რჩება. ამაზე მეტყველებს დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის მიერ გაკეთებული განცხადება. ასეთ დროს უკვე მნიშვნელობა ეკარგება, პრორუსულად განწყობილი ხელისუფლება ხარ თუ კრემლი გაყენებს „სასარგებლო იდიოტის“ როლში, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.


მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დენის გონჩარმა განაცხადა, რომ გამოჩნდა აუცილებლობა უახლოეს ხანებში გაიმართოს პლატფორმა 3+ 3 ის ფორმატის მეორე შეხვედრა.


„როგორც ცნობილია, რუსეთის ინტერესია, ჩაითრიოს საქართველო პლატფორმის მუშაობაში, სადაც ერთის მხრივ, წარმოდგენილია რუსეთი-თურქეთი-ირანი და მეორე მხრივ, აზერბაიჯანი და სომხეთი“, - აღნიშნა „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი.


გამყრელიძის თქმითვე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, ამ შეხვედრაზე რუსეთის უმნიშვნელოვანესი ინტერესი იქნება სატრანსპორტო ლოგისტიკური გზების საკითხი, მათ შორის, რუსეთს და ირანს შორის სატრანსპორტო კორიდორის შექმნა.


„როდესაც ამ ომში ირანი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც სამხედრო დახმარებას უწევს რუსეთს და ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემებით, ეს დახმარება კიდევ უფრო გაიზრდება, საქართველოს თუნდაც მოხსენიება რაიმე მსგავს კონტექსტში, საფრთხის შემცველია. კარგი იქნებოდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით მოახდინოს ჩვენი მონაწილეობის კატეგორიული დეზავუირება.


დენის გონჩარის ანცხადებით, დასავლეთის მიერ მიმდინარეობს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთის გამოძევების პროცესი, რასაც რუსეთი აუცილებლად შეეწინააღმდეგება.მან ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი უხეშად ერევა, საქართველოს და აფხაზეთის, ასევე საქართველოს და „სამხრეთ ოსეთის“ ურთიერთობების დარეგულირებაში და აღნიშნა, რომ დასავლეთიდან ხშირად გაისმის მოწოდებები საქართველოსადმი, რომ მან გახსნას „მეორე ფრონტი“. რუსი დიპლომატი, როგორც ჩანს, ეყრდნობა ამასთან დაკავშირებითსაქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ აქამდე არაერთგზის გაკეთებულ განცხადებებს, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს შეფასებები დასავლეთთან დაკავშირებით. როდესაც შენი რიტორიკა წყალს ასხამს ოკუპანტის წისქვილზე, მნიშვნელობა აღარ აქვს, ნამდვილად პრორუსულად განწყობილი ხელისუფლება ხარ თუ კრემლი გაყენებს „სასარგებლო იდიოტის“ როლში“, - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ, რომლის კომენტარსაც „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.


"ინტერპრესნიუსი"