პაატა დავითაია - კრემლი ყველაფერს აკეთებს, რომ აფხაზეთი რუსეთ-ბელარუსის კავშირში ჩაითრიოს

კრემლი ძალიან გააქტიურდა აფხაზეთთან დაკავშირებით. აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის ლაშა აშუბას ვიზიტი მოსკოვში ბელარუსის და რუსეთის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად კიდევ ერთი ნაბიჯია, რათა ბელარუსის მიერ მოხდეს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, რაც შემდგომ ბელარუსის და რუსეთის კავშირში აფხაზეთის შეყვანით დასრულდება , - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.


დავითაიას თქმით, ყოვლად დაუშვებელია რუსეთ-ბელარუსის საპარლამენტო ასამბლეაზე დამოუკიდებელ მხარედ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ჩართვა.


საქართველოს მთავრობამ, საგარეო საქმეთა სამინისტომ მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის ლაშა აშუბას ბელარუსის და რუსეთის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.სასწრაფოდ უნდა მოხდეს ბელარუსის ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინსტროში. ყოვლად დაუშვებელია რუსეთ-ბელარუსის საპარლამენტო ასამბლეაზე დამოუკიდებელ მხარედ აფხაზეთის პარლამენტის ჩართვა.


საქართველოს ხელისუფლებამ სეპარატისტების ლიდერების და რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში გააქტიურებულ კავშირებზე საქმის კურსში უნდა ჩააყენოს ჩვენი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები.


მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ხელისუფლებას, რომ მზადდება აფხაზეთის ანექსიის საკითხი. ჰააგის სანქციების შემდგომი ნაბიჯები უნდა იყოს აფხაზი სეპარატისტების ლიდერების სანქცირების საკითხი, რადგან როდესაც დადგება ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერა რუსეთს-ბელარუსს და აფხაზეთს შორის, რასაც რუსეთი უფრო და უფრო აახლოებს, მასზე ხელმოწერა განხორციელებული იყოს საერთაშორისო ძებნაში მყოფი პიროვნებების მიერ.


რუსეთის გააქტიურება აფხაზეთში არის დიდი პოლიტიკის ნაწილი და ერთგვარი საპასუხო ნაბიჯები შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ახალ პროექტთან დაკავშირებით, რომლითაც საქართველო ევროკავშირთან ელექტროგადამცემი ხაზის აქტური მონაწილე ხდება”, - აცხადებს პაატა დავითაია.


"ინტერპრესნიუსი"