პაატა დავითაია - რუსეთის ფედერაცია სოხუმში ამჯერად თათარსტანის პრეზიდენტს გზავნის და აფხაზეთზე ტოტალური კონტროლის დასამყარებლად აქტიურ ქმედებებზე გადავიდა

რუსეთის ფედერაციამ ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურა დანაშაულებრივი ქმედებები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამჯერად სოხუმში ჩავიდა რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, თათარსტანის პრეზიდენტი. ეს ვიზიტი ცხადყოფს რუსეთის დიდ ინტერესს აფხაზეთზე ტოტალური კონტროლის დასამყარებლად , - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.


მისივე შეფასებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან საჭიროა მეტი აქტიურობა საერთაშორისო არენაზე რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით.


„თათარსტანის პრეზიდენტის რუსტამ მინიხანოვის სოხუმში ჩასვლა და მისი შეხვედრა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან თანამშრომლობის და ურთიერთობების გააქტიურების მიზნით, ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია ინტენსიურად აგრძელებს მოქმედებებს აფხაზეთის ანექსიისთვის და ტოტალური კონტროლის დასამყარებლად, რასაც ამჯერად ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების გზით ცდილობს. საქართველოს მთავრობამ მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინოს რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით, საჭიროა მეტი აქტიურობა საერთაშორისო არენაზე და ჩვენს პარტნიორებთან.


დიდი ხანია მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ შემუშავდეს სტრატეგია და სპეციალური ღონისძიებები, იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ახორციელებს რუსეთი ბოლო პერიოდში. ეს არის ინტენსიური ეკონომიკური კავშირების დამყარების და აფხაზეთის ეკონომიკური „მხარდაჭერის“ გეგმა, რომლის მიზანიც, რეალურად რუსეთის მიერ, რაც შეიძლება მეტი ქართული მიწის მიტაცება და აფხაზეთის საბოლოო ანექსიაა“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.


"ინტერპრესნიუსი"