ნიკოლოზ ვაშაკიძე - მსოფლიომ და ჩვენმა რეგიონმა საკმაოდ სახიფათო პერიოდში შეაბიჯა, უკრაინაში მიმდინარე ომის გამოცდილების გათვალისწინება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ნებისმიერი ობიექტურად მნიშვნელოვანი თემა თუ პრობლემა ცხარე და ძალზედ სპეკულაციური პოლიტიკანური ბრძოლის საგანი ხდება, რაც პრაქტიკულად აკარგვინებს საზოგადოებას ამ საკითხების ნორმალურად დანახვის უნარს და მათი სტრატეგიული, ჯანსაღი გადაწყვეტის საშუალებას. ამასთან დაკავშირებით რამე უნდა შეიცვალოს, თორემ ეს, უკვე მახინჯ პრაქტიკად ქცეული სტილი, გადაიყოლებს ქვეყნის განვითარებას - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.


ვაშაკიძის განცხადებით, ერთ-ერთი ასეთი პრობლემა უკავშირდება უკრაინაში მეომარ რამდენიმე ათას თანამემამულეს.


მისივე თქმით, უკრაინაში მებრძოლი ქართველები ადრე თუ გვიან ქვეყანაში დაბრუნდებიან და საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს პროგრამა, რომელსაც მათ შესთავაზებს.


„სამწუხაროდ, მათ მიმართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არანაირი პოლიტიკის არსებობა არ იკვეთება. ამ დროს, ეს სერიოზული თემაა და, თუ მას გააზრებული პოლიტიკით არ მიუდექი, ის აუცილებლად სტიქიურად იჩენს თავს. ზოგადად, ომს მიჩვეული და უყურადღებოდ დატოვებული პროფესიონალი სამხედროების საზოგადოებაში საგრძნობი რაოდენობით არსებობა მძიმე სოციალურ-პოლიტიკური პრობლემაა და მას სათანადო მიხედვა სჭირდება. ეს ხალხი ადრე თუ გვიან დაბრუნდება საქართველოში და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შემუშავებული პოლიტიკა იმასთან დაკავშირებით თუ რას შესთავაზებს მათ. ცხადია, ამ ადამიანებიდან თავის მომავალ საქმიანობად სამხედრო სფეროს ყველა არ აირჩევს, მაგრამ მათი უმრავლესობა მაინც ამ მიმართულებაზე იქნება ორიენტირებული.


სახელმწიფომ, მისმა შეიარაღებულმა ძალებმა, აუცილებლად უნდა შეიმუშაოს პროგრამა მათი თავდაცვის სფეროში გამოყენების კუთხით. ამით ის ერთდროულად შეძლებს როგორც უკრაინაში მებრძოლი ჩვენი მეომრების სოციალური ადაპტაციის პრობლემის გადაწყვეტას, ასევე, თანამედროვე ომში შეძენილი უნიკალური გამოცდილების გამოყენებას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად. დღეს მთელი მსოფლიო ყურადღებით სწავლობს ცოცხალ ინფორმაციას თანამედროვე ომის შესახებ რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე. საკითხავია, კეთდება თუ არა მსგავსი რამ სისტემურად საქართველოს შესაბამის უწყებებში.


მსოფლიომ და ჩვენმა რეგიონმა საკმაოდ სახიფათო პერიოდში შეაბიჯა და უკრაინაში მიმდინარე ომის გამოცდილების გათვალისწინება სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებული ძალების გენშტაბს უნდა ჰქონდეს შემუშავებული სპეციალური პროგრამა ამ გამოცდილების შესასწავლად და პრაქტიკულ საქმიანობაში გამოსაყენებლად. ამ საქმეში მათ უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები უნდა ჩართონ. აუცილებელია მათი გამოყენება როგორც გენშტაბის სამსახურებში, ასევე, უშუალოდ სამხედრო ნაწილებში. ამ მეომრებთან ცოცხალი კავშირი თავდაცვის სამინისტროს და გენშტაბს უკვე უნდა ჰქონდეს დამყარებული“, - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე, რომლის კომენტარსაც პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.


"ინტერპრესნიუსი"