პაატა დავითაია - რუსეთში შექმნილი ვითარება საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის - ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საზღვრის მკაცრი კონტროლი და ლარსი დროებით ჩაკეტოს
რუსეთში შექმნილი ვითარება საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისთვის, აქედან გამომდინარე სასწრაფო რეჟიმში უნდა მოხდეს ჩვენი ადმინისტრაციული საზღვრის გაძლიერება და დროებითი ჩაკეტვა, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. დავითაია ხელისუფლებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. „მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე და სასწრაფოდ მოახდინოს ადმინისტრაციული საზღვრის გაძლიერება. სრული კონტროლი დაამყაროს ლარსის გამშვებ პუნქტზე და ჩაკეტოს დროებით.. უნდა მოხდეს საქართველოში უკვე შემოსული მოქალაქეების იდენტიფიკაცია, შესაბამის ორგანოებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, ეს ადამიანები რიგითი მოქალაქეები არიან, თუ მიეკუთვნებიან ძალებს, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის. შიდა დაპირისპირება, რაც დაიწყო რუსეთში არის დაპირისპირება ავტორიტარული რეჟიმის ორ შტოს შორის. ხელისუფლების კონტროლის შემთხვევაში, მეორე შტოს, რომელიც არანაკლებ საშიშია ჩვენთვის, ამბიციაც აუცილებლად იქნება იმპერიის ზრდა და რაც შეიძლება მეტი დაძაბულობის შექმნა ისეთ ქვეყნებთან, რომელთაც აქვთ სწრაფვა ევროკავშირისკენ. მათი სამიზნე იყო და იქნება საქართველოც, შესაბამისად, ჩვენ გვმართებს მკაცრი კონტროლის ზომების გატარება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ოკუპანტებისგან მომდინარე საფრთხეების თავიდან ასაცილებლად“, - აცხადებს პაატა დავითაია.