პაატა დავითაია - ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა არის მნიშვნელოვანი სიგნალი და „ქართული ოცნების“ მკაცრი გაფრთხილება

ვენეციის კომისიის კრიტიკული, მაგრამ სამართლიანი დასკვნა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით, არის მნიშვნელოვანი სიგნალი და გაფრთხილება სტრუქტურიდან, რომელიც წლების განმავლობაში ხელს უწყობდა საქართველოში ისეთი კანონების მიღებას, რაც უზრუნველყოფდა დემოკრატიის იმ სტანდარტს, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად უმნიშვნელოვანესია, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა. მისი თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომ კანონპროექტი შეიცავს საშიშროებას, საფრთხე შეექმნას კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს, ნიშნავს იმას, რომ ძნელია, ევროპელი პარტნიორები მოატყუო. „ვენეციის კომისია არის მთავარი სტრუქტურა და რეკომენდატორი საქართველოს ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად, შესაბამისად, საგანგაშოა დასკვნა, რომელიც გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ. როგორც წესი, კანონპროექტებთან დაკავშირებით კომისია ყოველთვის იძლევა რეკომენდაციებს ტექნიკურ ცვლილებებზე, თითქმის არ მახსენდება პრეცედენტი, ვენეციის კომისიის დასკვნაში ხაზგასმული იყოს კატეგორიული მოთხოვნა, რომ არ უნდა მოხდეს კანონპროექტის მიღება. ეს პირდაპირ მიანიშნებს, თუ უფრო და უფრო როგორ რთულდება ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებას და ევროპელ პარტნიორებს შორის. მე პირადად არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რომ ვენეციის კომისიიდან იქნებოდა ძალიან მკაცრი დასკვნა დეოლიგარქიზაციის იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის მიღებას აპირებს „ქართული ოცნება.“ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომ კანონპროექტი შეიცავს საშიშროებას, შეექმნას საფრთხე კანონის უზენაესობას, პოლიტიკურ პლურალიზმს და მოხდეს მთავარი მარეგულირებელი ორგანოების ანტიკორუფციული, ანტიმონოპოლიური სამსახურების დამოუკიდებლობის გაზრდა და გაძლიერება, ნიშნავს, ძნელია მოატყუო ევროპელი პარტნიორები ბუტაფორიული კანონმდებლობით და აჩვენო მათ, თითქოს რაღაც კეთდება. ამის მაგალითია ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ჩამოყალიბდა სტრუქტურად, რომელსაც არ გააჩნია არანაირი უფლებამოსილება, მათ შორის არც მოკვლევის, არც გამოძიების და არ აქვს დამოუკიდებლობის ხარისხი. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს და შეასრულოს ყველა ის რეკომენდაცია და ვალდებულება, რაც მოდის ჩვენი პარტნიორებისგან ევროკომისიის 12 პუნქტთან დაკავშირებით, რაც არის ჩვენი ევროპულ ოჯახში გაწევრიანების საწინდარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ კიდევ უფრო მეტად დაიძაბება ურთიერთობა ჩვენს პარტნიორებთან და შემოდგომაზე მივიღებთ უარყოფით დასკვნას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება“, - აცხადებს პაატა დავითაია.


ინტერპრესნიუსი