ვინც უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში და როგორი განწყობის, სულერთია, რუსეთი ცდილობს ამ ტერიტორიების წაღებას - პაატა დავითაია

მედვედევის განცხადება უჩვენებს, რომ ვინც უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში და როგორი განწყობის, სულერთია, რუსეთი ცდილობს ამ ტერიტორიების წაღებას, -  ამის შესახებ Cnews-ს  „ევროპული დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განუცხადა.


მისი თქმით, რუსეთი დიდი ხანია ამზადებს ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რომლის ნაწილად საქართველოს ტერიტორიებს განიხილავს, რომელიც ოკუპირებული აქვს.


„რუსეთი დიდი ხანია ამზადებს ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულებას, სადაც იქნება  გაერთიანებული ბელორუსია რუსეთი, აფხაზეთი, ცხინვალი და  დნესტრისპირეთი. ეს ვარიაციები განიხილება სერიოზულ დონეზე. აფხაზეთის მოსახლეობას არ სურს რუსეთის ფედერაციაზე მიერთება, ცხინვალის რეგიონში ეს პრობლემა არ დგას, ეს რეგიონი ერთი დიდი სამხედრო ბაზაა, იქ ე.წ. რეფერენდუმიც ჩაატარეს და ამისთვის მზად არიან.


პრობლემაა აფხაზეთის მოსახლეობა, აქედან გამომდინარე, წინა ხაზზე გამოჩნდა ინალ  არძინბა, რომელიც არის  კრემლის წარმომადგენელი, რომელმაც ეს უნდა უზრუნველყოს. მედვედევის განცხადებამდე, აფხაზეთშიც და ცხინვალში 2 დღეა გააქტიურდნენ, რომ აფხაზეთი  და ცხინვალი არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის რუკაზე, ეს ყველაფერი  ანექსიის წინაპირობებია“,- განუცხადა Cnews-ს პაატა დავითაიამ.


მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ამ ვითარებაში გულხელდაკრეფილი არ უნდა იყოს და აქტიურად უნდა მოქმედებდეს.


„ჩვენ სასწრაფო რეჟიმში უნდა დავიწყოთ მუშაობა.  პირველ რიგში, საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს მუშაობა   საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მოხდეს მათი საქმის კურსში  ჩაყენება, რომ მზადდება  ანექსია.  იმ ადამიანების წინააღმდეგ კი, ვინც კრემლის გეგმას ახორციელებს, ინალ არძინბას ხელმძღვანელობით, უნდა დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება, გაიცეს სანქციები და ინტერპოლის მიერ ძებნილები უნდა იყვნენ.   ამის პარალელურად,  აფხაზეთის მოსახლეობას, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ამ პროცესს,  ღია მესიჯები უნდა გავუგზავნოთ იმასთან დაკავშირებით, რომ მათ უნდა აირჩიონ თანაცხოვრება  ევროკავშირთან ან რკინის ფარდის მიღმა, რუსეთთან.  ასეთ შემთხვევაში კი,  რუსეთი შთანთქავს მათ როგორც ერს. აფხაზეთის თვითმყოფადობა გადარჩება მხოლოდ და მხოლოდ ქართველებთან, ეს არის საქართველოს ისტორიული ნაწილი და ამიტომ მათ ისტორიული არჩევანი უნდა გააკეთონ. ამას სჭირდება სერიოზული მუშაობა.


მედვედევის განცხადება უჩვენებს, რომ ვინც უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, პრორუსულად განწყობილი, თუ პროევროპულად, მნიშვნელობა არ აქვს, რუსეთი ცდილობს ამ ტერიტორიების წაღებას, ე.წ, ახალი სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნით, აფხაზეთის მოსახლეობის წინააღმდეგობა რომ არ ყოფილიყო, ეს უკვე გაკეთებული იქნებოდა“,  - განუცხადა Cnews-ს დავითაიამ.


ცნობისთვის რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ვრცელი წერილი რუსულ მედიაში გამოქვეყნდა, სადაც ის საქართველოს საკითხსაც ეხება და ოკუპირებული რეგიონების მიერთებით იმუქრება.


Cnews.ge