ნიკოლოზ ვაშაკიძე - ხელისუფლების შიშებზე აგებული პოლიტიკა საბოლოო ჯამში სად მიგვიყვანს, გაუგებარია, ასეთი ვითარება ნამდვილად არ არის კარგი და საფრთხეების შემცველია

საგარეო და საშინაო აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს, პარტია ევროპული დემოკრატების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ნიკოლოზ ვაშაკიძე ესაუბრა.


- ბატონო ნიკოლოზ, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საინტერესო განცხადებები გააკეთა ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მათ ბრძანა - „ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება - „ევროკავშირი 2030 წელს გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს“.


მან ასევე თქვა, რომ „გაფართოების პროცესი „რთული და მტკივნეული იქნება როგორც მომავალი წევრებისთვის, ისე, ასევე ევროკავშირისთვის“. უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად მან ევროპის პერსპექტივაში საქართველოც მოიაზრა.


თქვენ როგორ შეაფასებდით ევროსაბჭოს პრეზიდენტის განცხადებებს?


- შარლ მიშელის განცხადება საკმაოდ კონკრეტული და მკაფიო იყო, ევროკავშირის ნამდვილი წევრობა რეალური პერსპექტივა არის ყველა იმ ქვეყნებისთვის, ვინც ამ კონტექსტში ფიგურირებს ან როგორც უკვე კანდიდატი ქვეყანა, ან როგორც ევროპული პერსპექტივის სტატუსის მქონე ქვეყნები.


ვიცით, რომ ამ კატეგორიაში გადის საქართველოც. ვადად კონკრეტულად განსაზღვრულია - 2030 წელი, რაც ცხადია იმას არ ნიშნავს, ეს ქვეყნები ავტომატურად გახდებიან ევროკავშირის წევრები. შარლ მიშელმა სპეციალურად გაუსვა ხაზი იმას, რომ ამისთვის ქვეყნებმა უნდა იმუშაონ, იყვნენ მზად იმ ვალდებულებებისთვის და სარგებლის ათვისებისთვის, რომელსაც შემდგომში ევროკავშირში წევრობა გულისხმობს.


პრინციპში, პრეზიდენტ მიშელის განცხადებების დამატებით განმარტებების აუცილებლობას ვერ ვხედავ, რადგან მისი განცხადება პირდაპირ უნდა აღვიქვათ ისე, როგორც არის ნათქვამი.


პრობლემა იმაშია, თუ რით იქნება დატვირთული წლები 20230 წლამდე. ნომერ პირველი პრობლემა ამ ქვეყნებისთვის და რა თქმა უნდა, საქართველოსთვის არის უსაფრთხოების და სტაბილურობის შენარჩუნება. ძალიან კარგად ვიცით ისიც, რომ რუსეთს, იმ ფორმით, რომლითაც ის არსებობს, მხედველობაში მაქვს მისი აგრესიული სახით არსებობა, რეალურად აქვს სურვილი მაქსიმალურად შეუშალოს ხელი ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს ინტეგრაციას როგორც ევროკავშირის, ისე ატლანტიკურ სტრუქტურებში.


რუსეთს, იმ ფორმით, რომლითაც ის არსებობს, მხედველობაში მაქვს მისი აგრესიული სახით არსებობა, რეალურად აქვს სურვილი მაქსიმალურად შეუშალოს ხელი ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს ინტეგრაციას როგორც ევროკავშირის, ისე ატლანტიკურ სტრუქტურებში


როგორ გაუმკლავდება საქართველო და როგორ გაუმკლავდებიან ჩვენი ევროპელი პარტნიორები ევროკავშირის ჩათვლით ამ გამოწვევას, ეს არის მთავარი და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ბუნებრივია, რომ საქართველოს ნორმალური, დემოკრატიული განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, თუმცა, აქ ბევრი სხვა ფაქტორებიც მოქმედებენ.


- დიახ, შარლ მიშელმა ერთმნიშვნელოვნად თქვა - „შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა და ჩვენ ამის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ“.


რამდენად გაქვთ იმის განცდა, რომ საქართველო იმოქმედებს იმის შესაბამისად, თუ რა რეალობაც დღეისათვის არსებობს ევროკავშირში უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რომ 2030 წლისთვის დაგეგმილ გაფართოებაში საქართველო მოხვდეს?


- რთულია ძალიან პროგნოზირება, იმიტომ რომ არ არის პატარა პერიოდი მონიშნული იმისთვის რომ კონკრეტული პროგნოზები გაკეთდეს. სიტუაცია ძალიან დინამიკურად იცვლება.


შემიძლია მხოლოდ გამოვთქვა იმედი, რომ საქართველოს აქვს შანსი იმისა, რომ მოხვდეს 2030 წლის ევროკავშირის გაფართოებაში, მაგრამ, საწინააღმდეგო შანსებიც რეალურია.


შემიძლია მხოლოდ გამოვთქვა იმედი, რომ საქართველოს აქვს შანსი იმისა, რომ მოხვდეს 2030 წლის ევროკავშირის გაფართოებაში, მაგრამ, საწინააღმდეგო შანსებიც რეალურია


სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების დღევანდელი მდგომარეობა ძალიან არასახარბიელოა. კატასტროფული დემოგრაფიული დინამიკა გვაქვს. პრაქტიკულად, მთელი რეგიონებია დაცლილი, ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილია გასული საქართველოდან.


ძალიან ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის შემდეგ, საქართველოში სიკვდილიანობამ გადააჭარბა შობადობას. ეს რომ მიგრაციის ხარჯზე ხდება, სამწუხაროდ, ეს უკვე დიდი ხნის რეალობაა.


განსაკუთრებით მაწუხებს გარკვეული პროსტრაციის განწყობა, რომელიც დაეუფლა ჩვენს საზოგადოებას. თითქოს, ხალხმა იგრძნო, რომ მას არ ძალუძს რამენაირად მოახდინოს ზემოქმედება სიტუაციაზე, ხელი ჩაიქნია ქვეყნის ზრუნვაზე და პრაქტიკულად, ეგოისტურ რეჟიმში არიან. საქართველოს მოქალაქეები საკუთარი და საკუთარი ოჯახების ინდივიდუალურად გადარჩენის რეჟიმზე არიან გადასული.


განსაკუთრებით მაწუხებს გარკვეული პროსტრაციის განწყობა, რომელიც დაეუფლა ჩვენს საზოგადოებას. თითქოს, ხალხმა იგრძნო, რომ მას არ ძალუძს რამენაირად მოახდინოს ზემოქმედება სიტუაციაზე, ხელი ჩაიქნია ქვეყნის ზრუნვაზე და პრაქტიკულად, ეგოისტურ რეჟიმში არიან. საქართველოს მოქალაქეები საკუთარი და საკუთარი ოჯახების ინდივიდუალურად გადარჩენის რეჟიმზე არიან გადასული


შესაძლოა, ამას ახსნა და გამართლება მოუძებნოთ, მაგრამ, ქვეყნისთვის ეს ძალიან ცუდია და საშიში. თუ საზოგადოებაში არ მოიძებნა ძალები, რომ რამენაირად შეიცვალოს ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რადიკალური გარდაქმნა მოხდეს ამგვარ განწყობებში, იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელშიც ვართ, ძალიან ცუდი, სახიფათო და საგანგაშო ტენდენციები შენარჩუნდება.


- ვხედავთ, რომ ბოლო დროს თავისი განცხადებებით საქართველოს საკითხებში საკმაოდ გააქტიურებულია რუსეთის ექს-პრეზიდენტი, ახლა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი.


მან ბევრი განცხადება გააკეთა საქართველოზე, კერძოდ იმაზე, რომ ქართული კულტურა რუსული კულტურის ნაწილად აღიქმებოდა ყოველთვის და ახლაც ასეა.


მან „იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა პრაგმატიზმი აღიაროს ახალი რეალიები, აღიაროს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და დაალაგოს მათთან ურთიერთობა“.


საქართველოსთან დაკავშირებით მედვედევის მედია აქტიურობას კი ვადევნებთ თვალს, მაგრამ ვხედავთ, რომ არც საგარეო უწყება და არც ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩქარობს მას პასუხი გასცენ.


არც ქართული კულტურის წარმომადგენლების ხმა ისმის, რომელთა შემოქმედებას, თურმე კრემლი დღემდე რუსულ კულტურად აღიქვამს.


რჩება შთაბეჭდილება, რომ მედვედევის განცხადებებზე არც არავინ აპირებს რეაგირებას. რას შეიძლება ნიშნავდეს ხელისუფლების დუმილი მედვედევის განცხადებებზე?


- მედვედევმა რუსეთის ისტორიაში თავი დაიმკვიდრა, როგორც გარკვეულ წილად საცოდავმა და კომიკურმა ფიგურამ. ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი რუსეთის ისტორიაშიც ძნელი გასახსენებელია. მხედველობაში მაქვს ის, რომ თავის დროზე მედვედევი „დროებითი საცობის როლს“ დათანხმდა და ეს როლი ნებაყოფლობით შეასრულა.


მას, როგორც მორალურად შელახულ ადამიანს, ავადმყოფური ეგო და თვითდამკვიდრების უნარი გააჩნია. ვფიქრობ, რომ იგი თავისი განცხადებებით, ცდილობს პოლიტიკურ სივრცეში დამკვიდრებას სწორედ საქართველოს მაგალითის გამოყენებით.


2008 წლის მოვლენებში გადამწყვეტი როლი ვლადიმერ პუტინმა ითამაშა, მაგრამ, მედვედევს, როგორც არარაობას, შეუძლია მაშინ განვითარებულ მოვლენებს ფორმალურად მისცეს ისეთი ახსნა- განმარტება, რომ მისი, როგორც მაშინ პრეზიდენტის „სწორი და მკვეთრი ნაბიჯების შედეგად“ მოხერხდა რუსეთისთვის დიდი საფრთხეების აცილება და საქართველოსთან ომში გამარჯვება და ახალი რეალიების შექმნა


როგორც ჩანს, აგვისტოს ომსა და მაშინ მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს იგი ლამის ერთადერთ ეპიზოდად მიიჩნევს თავის პოლიტიკურ კარიერაში, როცა, მისი გაგებით რაღაც მიღწევებზე შეუძლია საუბარი. 2008 წლის აგვისტოს ომი მისი პრეზიდენტობის დროს მოხდა.


ვიცით, რომ 2008 წლის მოვლენებში გადამწყვეტი როლი ვლადიმერ პუტინმა ითამაშა, მაგრამ, მედვედევს, როგორც არარაობას, შეუძლია მაშინ განვითარებულ მოვლენებს ფორმალურად მისცეს ისეთი ახსნა- განმარტება, რომ მისი, როგორც მაშინ პრეზიდენტის „სწორი და მკვეთრი ნაბიჯების შედეგად“ მოხერხდა რუსეთისთვის დიდი საფრთხეების აცილება და საქართველოსთან ომში გამარჯვება და ახალი რეალიების შექმნა.


- ეს გასაგებია, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ მედვედევი თავისი განცხადებებით კრემლს ახმოვანებს...


- დიახ, სწორედ აქეთკენ მიმყავს საუბარი. რადგან ის ცდილობს ამ მაგალითის გამოყენებით თვითდამკვიდრებას, ვშიშობ, აქ სხვა რეალობა იკვეთება.


კერძოდ ის, რომ როგორც ჩანს, მედვედევს აქვს გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის მიერ ანექსიის ნაბიჯების გადადგმის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და რეალურ ჭრილში ის დროს უსწრებს, რომ მას ამ მიმართულებით აქტიურობა, პირად მიღწევად ჩაეთვალოს.


როგორც ჩანს, მედვედევს აქვს გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის მიერ ანექსიის ნაბიჯების გადადგმის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და რეალურ ჭრილში ის დროს უსწრებს, რომ მას ამ მიმართულებით აქტიურობა, პირად მიღწევად ჩაეთვალოს


ასეთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს მედვედევის პიარაქტიურობას საქართველოს თემის გამოყენებით.


- ასეთ ფონზე, ჩვენი ხელისუფლების დუმილის მიზეზი რა შეიძლება იყოს?


- საბოლოოდაა გაფორმებული ის პოლიტიკური სტილი, რომლითაც ასეთ ვითარებებში ხელისუფლება ხელმძღვანელობს, მათ შორის საგარეო უწყებაც.


მიუხედავად, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და მართლა დიდი ხიფათისა, რაც არსებობს, ხელისუფლებას მაინც მიაჩნია, რომ ჩუმად ყოფნა და არ რეაგირება უფრო მომგებიანია იმიტომ რომ უფრო დიდი უბედურება და საშიშროება არ დაიტეხონ თავს.


მიუხედავად, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და მართლა დიდი ხიფათისა, რაც არსებობს, ხელისუფლებას მაინც მიაჩნია, რომ ჩუმად ყოფნა და არ რეაგირება უფრო მომგებიანია იმიტომ რომ უფრო დიდი უბედურება და საშიშროება არ დაიტეხონ თავს


ამ თვალსაზრისით ხელისუფლების ყოველგვარი მეობა ყოველნაირად გათელილია. საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერ, რუსეთის მიმართ მეტ-ნაკლებად მტკიცე და პრინციპული ნაბიჯის გადადგმა ეშინია. ხელისუფლება ამის კომპენსაციას ახდენს სხვა მიმართულებით. შეუძლიათ ძალიან მკვეთრი და მძიმე რეაგირება მოახდინონ საქართველოსთან დაკავშირებით უკრაინაში გაკეთებულ განცხადებებზე.


ხელისუფლების შიშებზე აგებული პოლიტიკა საბოლოო ჯამში სად მიგვიყვანს, გაუგებარია, ვითარება ნამდვილად არ არის კარგი და საფრთხეების შემცველია.


- რადგან უკრაინაში გაკეთებული განცხადება გაიხსენეთ, ალბათ პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება იგულისხმეთ, სადაც მან თქვა - „უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს“.


ეს განცხადება იგულისხმეთ?


- კონკრეტულად ეს განცხადება არ მიგულისხმია. ვიგულისხმე ის, რომ ბოლო პერიოდში უკრაინის ხელმძღვანელობის ნაბიჯებზე ჩვენი ხელისუფლება საკმაოდ მძიმე და ხისტ განცხადებებს აკეთებს ხოლმე, რასაც ვერ ბედავს რუსეთის შემთხვევაში.


„ინტერპრესნიუსი“


კობა ბენდელიანი