პაატა დავითაია - ბოლშევიკური მეთოდით ბიჭვინთის აგარაკების ხელში ჩაგდებით, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ანექსია დაიწყო

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას განცხადებით, სეპარატისტთა პარლამენტის მიერ ბოლშევიკური მეთოდით მიღებული გადაწყვეტილება ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, არის საქართველოს ქონების უკანონო გასხვისება და საქართველოს ანექსიის დასაწყისი. მისი თქმით, გამთენიისას სეპარატისტთა პარლამენტმა ე.წ. პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით, ხალხის შიშით გამოიყენა ბოლშევიკური მეთოდები და მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის ფედერაციაზე გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება, რასაც 28 დეპუტატიდან ხმა მისცა 26 დეპუტატმა. როგორც დავითაიამ აღნიშნა, შეთანხმება გაფორმდა დათქმით, თუ ეს აგარაკები მოხვდება მესამე პირის ხელში, ხელშეკრულება გაუქმდება. მისივე განმარტებით, ეს არის საქართველოს ქონების უკანონო გასხვისება, რისთვისაც „სამართლებრივად“ მოხდა პარლამენტის გამოყენება. „მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, დაიწყოს გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. საქმის კურსში ჩააყენოს ჩვენი პარტნიორები, რომ ჰააგის პროკურატურის მიერ ძებნილი რუსეთის პრეზიდენტი ითვისებს საქართველოს ქონებას. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს არის საქართველოს ანექსიის დასაწყისი. რუსეთის ფედერაციამ უკვე „იურიდიულად“ დაიწყო იმ ტერიტორიების გადაფორმება, რომელიც ოკუპირებულია მის მიერ“, - აცხადებს პაატა დავითაია.