ვინც საქართველოში ლობირებს კონფედერაციის იდეას არის რუსეთის გავლენის აგენტი
ქართული სახელმწიფოსთვის კატეგორიულად მიუღებელია კონფედერაციის მოდელი. არაერთი წელია, რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობენ ამ გეგმით მოქმედებას. კონფედერაციული მოწყობა არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის რღვევა, ის ვინც საქართველოში ლობირებს კონფედერაციის იდეას არის რუსეთის გავლენის აგენტი - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.
მინდა გამოვეხმაურო ტელევიზიებში გავრცელებულ ჩანაწერს ვოლსკის და ხიდაშელს შორის, სადაც საუბარია კონფედერაციის საკითხის განხილვაზეც. პირდაპირ ვაცხადებ, რომ კონფედერაციული მოწყობა არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის რღვევა. რუსეთის სპეცსამსახურები, კერძოდ, რუსეთის უშიშროების საბჭო, 2007 წელს განიხილავდა ვარიაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რკინიგზის აღდგენის გზით მომხდარიყო კონფედერაციული კავშირის შექმნა, რასაც შემდგომ მოჰყვებოდა კონფედერაციის რღვევა და აფხაზეთის მიერ საქართველოს „სამართლებრივად დატოვება.“
კონფედერაცია არის ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს კავშირი, როდესაც მასში შემავალი სახელმწიფოები სრული სახით ინარჩუნებენ საკუთარ სუვერენიტეტს, და იურდიულ შესაძლებლობას დატოვონ კონფედერაცია. საქართველოს კონფედერაციაში შესვლა, პირველ რიგში, ნიშნავს საქართველოს მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებას.
აფხაზების გეგმა რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებით, რაც შეეხება აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებას, მდგომარეობს კონფედერაციის შექმნაში. რასაც შემდგომ უნდა მოჰყვეს იურდიულად კონფედერაციის დატოვება, რაც გამოიწვევს აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებას იმ ფონზე, რომ საქართველომ, როგორც ცალკე სახელმწიფომ მეორე სახელმწიფოსთან - აფხაზეთთან შექმნა ერთიანი სახელმწიფო, რომელიც აფხაზეთს, კონფედერაციის დატოვების შემდეგ აძლევს სრულ ლეგიტიმაციას საერთაშორისო აღიარებისთვის.
მრავალი წელია, რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობენ კონფედერაციის გეგმით მოქმედებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია ქართული სახელმწიფოსთვის. ის ვინც ლობირებს კონფედერაციის იდეას არის რუსეთის გავლენის აგენტი. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ამ იდეის შემოტანა ხდება ბატონი ხიდაშელის მეშვეობით, რასაც არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ქართული საზოგადოება.
ის პოლიტიკური ძალა, რომელიც შეეცდება მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება და წავიდეს ამ გზით, აუცილებლად გასამართლდება ქვეყნის ღალატისთვის, რადგან აფხაზეთთან კონფედერაციის შექმნა არის ოკუპანტი რუსეთის ინტერესების გატარება და ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატი - აცხადებს პაატა დავითაია.
დავით ხიდაშელი და „ქართული ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი საქართველოს პარლამენტის გვერდით მდებარე კაფეში "დროას" წევრებმა გადაიღეს.
„დროას” განცხადებით, შეხვედრაზე მათ განიხილეს შემდეგი საკითხები:
აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა;
პირდაპირი ურთიერთობა აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმთან;
საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების არაფორმალური შეხვედრები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან აფხაზეთში;
ბიზნეს ურთიერთობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„დროამ” გამოაქვეყნა ნაწყვეტები და ციტატები ვოლსკისა და ხიდაშელის საუბრიდან:
ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება კონფედერაციაზე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან;
ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე;
“რკინიგზის 37 კმ. აფხაზეთში არის დანგრეული” – ხიდაშელი ვოლსკის ესაუბრება აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე;
“7 კომპანიაა და 20% დღგ” – ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;
“მე რომ ეს თემა დავძრა უნდა ვიცოდე, რომ იქიდან ერთ კვირაში უნდა გადმოდგან ნაბიჯი.” – ეუბნება გია ვოლსკი ხიდაშელს;
“ღარიბაშვილს ვეუბნებოდი აფხაზეთის მთავარ 5 მინისტრთან, ვინც ყველაფერს წყვეტს, გქონდეთ ურთიერთობები, კომუნიკაცია” – ეუბნება ხიდაშელი ვოლსკის;
“თქვენ გაქვთ თემა და გჭირდებათ მიმართულება” – ეუბნება გია ვოლსკი დავით ხიდაშელს.
„დროას” მიერ გავრცელებულ ვიდეოში დასახელებული თემების განხილვა არ ჩანს. კადრები კაფის გარეთ არის გადაღებული, სადაც ვოლსკის და ხიდაშელს მოძრაობის წევრები ესაუბრებიან და კითხვებს უსვამენ"- წერს "დროა.
ინფორმაცია, რომ დავით ხიდაშელთან ვაჭრობისა და აფხაზეთთან კონფედერაციის საკითხზე ისაუბრა, გია ვოლსკიმ დაადასტურა.