პაატა დავითაია - რუსეთის სპეცსამსახური ღიად ერევა 26 ოქტომბრის არჩევნებში და აწარმოებს ჰიბრიდულ ოპერაციას ქვეყნის წინააღმდეგ

რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპანტი ქვეყანა ღიად ერევა საქართველოსთვის მნიშვნელოვან არჩევნებში და აქტიურად ეწევა ჰიბრიდულ ოპერაციას საქართველოს წინააღმდეგ, რაც მეტად გამწვავდება წინასაარჩევნო პერიოდში, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებას, რომ ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ.


მისივე თქმით, რუსეთი აქტიურად საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ოპერაციას და პროპაგანდას ახორციელებს.


„რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გაკეთებული განცხადება და მათ მიერ შემოთავაზებული „ფერადი რევოლუციის სცენარი“ არის რუსული სპეცსამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია, რაც წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდება, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.


რუსეთი აქტიურად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ოპერაციას და პროპაგანდას ახორციელებს, რასაც ადასტურებს მათ მიერ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის დადანაშაულება „ფერადი რევოლუციის“ მოწყობის მცდელობაში.


ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პარტნიორებთან ერთად არჩევნების ჩატარება მაქსიმალურად დემოკრატიულ გარემოში უზრუნველვყოფთ, რაც ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდება”, - აცხადებს პაატა დავითაია.


ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებით, ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ.


უწყების მტკიცებით, ამისათვის ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები რეკრუტების დიდ რაოდენობას აგროვებენ, რათა ყურადღებით დააკვირდნენ ხმის მიცემის პროცესს. მათ ევალებათ „აუცილებელი ფაქტების“ იდენტიფიცირება და დაფიქსირება.


„ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას“ ამზადებენ. რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო იუწყება, რომ, მიღებული ინფორმაციის თანახმად, თეთრი სახლი უკიდურესად უკმაყოფილოა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებული ვითარებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.


ინტერპრესნიუსი