პარტია
"საქართველოს ევროპელი დემოკრატები"
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს ევროპელი დემოკრატები" არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების "ჩვენ თვითონ"-ს უფლებამონაცვლე, რომელიც დაარსდა 2006 წლის 18 მაისს, 2010 წელს ყრილობის გადაწყვეტილებით "ჩვენ თვითონ" გადაირქვა სახელი და გახდა "საქართველოს ევროპელი დემოკრატები". მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს ევროპელი დემოკრატები" შემოკლებული დასახელება: "ევროპელი დემოკრატები" (შემდგომში – პარტია) წარმოადგენს ერთიან მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილ მოქალაქეთა ნებაყოფლობით პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად. პარტიას აქვს ემბლემა (ლოგო) (გამოსახული ლურჯ ფონზე ვარსკვლავებისგან შემდგარი ნახევარწრე, რომელიც შედგება 10 ვარსკვლავისგან, რომელთაგან პირველი ვარსკვლავი ოქროსფერი, ხოლო დანარჩენი 9 თეთრი ფერისაა. და ნახევარწრეში ოქროსფერი სიტყვებით ჩაწერილი (ჩანაწერისგან) შემოკლებული დასახელება: ევროპელი დემოკრატები ქართულ და ინგლისურ ენებზე), ბლანკი (პარტიის ბლანკის ფურცელზე, ზედა მხარეს ლურჯ ფერში გამოსახულია ნახევარწრით 9 თეთრი ფერის და 1 ოქროსფერი ვარსკვლავი. რომლის თავზე განთავსებულია ჩანაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ქართულ და ინგლისურ ენებზე, ოქროს ფერში, ხოლო ნახევარწრეში არის ჩანაწერი საქართველოს ევროპელი დემოკრატები ქართულ და ინგლისურ ენებზე ოქროს ფერში. ფურცლის ქვედა მხარეს მოთავსებულია პარტიის იურიდიული მისამართი ქართულ და ინგლისურ ენებზე და ტელეფონი), ბეჭედი (ლურჯი ფერის, წრეში გამოსახული პარტიის ლოგო ირგვლივ პარტიის სახელწოდების მითითებით ქართულ და ინგლისურ ენებზე), დროშა (დროშის ფორმა მართკუთხედია, რომლის სიგრძისა და სიგანის შეფარდებითი პროპორცია შესაბამისად არის 1.9X1.0, დროშის ფერებია: ლურჯი, ოქროსფერი და თეთრი. ლურჯი ფერის ფონზე გამოსახულია ნახევარწრით 9 თეთრი ფერის და 1 ოქროსფერი ვარსკვლავი. ნახევარწრეში არის ჩანაწერი პარტიის შემოკლებული დასახელება: ევროპელი დემოკრატები ქართულ ენაზე ოქროს ფერში), დამოუკიდებელი ბალანსი და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
პარტიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. №23, ბ. 18;
პარტიის იდეოლოგიის მთავარი პრიორიტეტები:
მემარჯვენე-ცენტრისტული
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ამ საკითხთან დაკავშირებული-დემოკრატიის განვითარების, ეკონომიკის და იურიდიული საკითხები.პარტიის ზოგადი საპროგრამო პრიორიტეტები:
პარტიის ისტორია:
- ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობა;
- დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა და ევროპული სტრუქტურებისკენ სწრაფვა;
- ადამიანის იურიდიული და სოციალური უფლებების დაცვა.
შექმნის დღიდან, პარტია აქტიურად მონაწილეობს აღნიშნული პრინციპების დამკვიდრებისთვის.პ/გ "ჩვენ თვითონ" პარტიის პრინციპებიდან გამომდინარე, აქტიურად ჩაერთო დემოკრატიული ღირებულებებისათვის ბრძოლაში, რაც 2007 წელს გაერთიანებული ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და საგურამოს მანიფესტის შექმნაში მონაწილებით გამოიხატა.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, პოლიტიკური გაერთიანება "ჩვენ თვითონ" გახდა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი.
2008 წლიდან პარტია აქტიურად მონაწილეობდა ყველა პოლიტიკურ შეთანხმებაში, რომლებიც ემსახურებოდა ქვეყნის დემოკრატიული, სამართლებრივი და რაციონალური ღირებულებების დამკვიდრებაში, რაც აისახება შემდგომი კომისიების მუშაობაში:
- საკონსტიტუციო ცვლილებების კომისია;
- საარჩევნო კოდექსზე მუშაობა NDI-ის ფორმატი;
- საარჩევნო კოდექსზე მუშაობა EFES–ის ფორმატი;
- სია – ამომრჩეველთა სიების შემსწავლელი კომისია
2008 წლის რუსული აგრესიის დროს ქვეყანაში განსაკუთრებულად დადგა საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების საჭიროება. ამ მომენტიდან, ეს პარტიისთვის ერთ–ერთი უმთავრესი გამოწვევაა.
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ "ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობასთან" ერთად მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ბლოკით "გიორგი თარგამაძე -ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება". ხმების დათვლის შედეგად, ბლოკი ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილზე გავიდა, რის შედეგადაც პ/გ "საქართველოს ევროპელი დემოკრატებმა" საკუთარი ფრაქციები ჩამოაყალიბა 5 თვითმმართველ ერთეულში და ასევე 20 მანდატი მოიპოვა სხდასხვა რეგიონში.
2010 წლიდან პარტია წარმოდგენილი იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციაში, ევროპულ დემოკრატიული გაერთიანების ჯგუფში, სადაც 2011-2012 წლებში პარტიის ლიდერს, პაატა დავითაიას, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.
"საქართველოს ევროპელი დემოკრატები"-ის ძირითად პრინციპებად რჩება:
- დამოუკიდებელი, დემოკრატიული, სამართლებრივი ქართულ–ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა;
- ევროპული სტრუქტურებისკენ სწრაფვა;
- დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის იურიდიული, სოციალური უფლებების და თავისუფლებების დაცვა;
- ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო იდეალებზე დაყრდნობით ეროვნული თვითშეგნების ამაღლება და ერის გამთლიანებისთვის ზრუნვა.
პარტია "საქართველოს ევროპელი დემოკრატებისა" და AECER-ის პრინციპების თანხვედრის გამო, გადაწყდა აღნიშნულ გაერთიანებაში გაწევრიანება.
პარტიის წევრთა რაოდენობა 25000, აქტიური წევრების რაოდენობა 1500.
პარტიის ძირითადი მიზნებია:
- დამოუკიდებელი, დემოკრატული, სამართლებრივი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, ევროპული სტრუქტურებისკენ სწრაფვა.
- ხელისუფლების არჩევით ორგანოებში მონაწილეობა და პროფესიული, კომპეტენტური ადამიანების მოზიდვა;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შეწყობა;
- სახალხო დიპლომატიაში აქტიური ჩაბმა, ქართველ და აფხაზ ხალხთა ურთიერთნდობის, ურთიერთპატივისცემის და ერთად ცხოვრების ოდითგან დამკვიდრებული ტრადიციების და ადათ–წესების აღდგენა;
- აფხაზ და ქართველ ხალხთა შორის მეგობრული და ნათესაური კავშირების აღდგენა და ამ საქმეში ქართულ–აფხაზური ოჯახების როლის გაძლიერება;
- ზოგადსაკაცობრიო იდეალების, დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის იურიდიული, სოციალური უფლებებისა და თავისუფლების დაცვა.
- აფხაზეთის ინტელიგენციის, ხელოვანთა, მეცნიერთა სპორტის წარმომადგენელთა, ახალგაზრდობის, ყოფილი მეომრების შეხვედრების ორგანიზება;
- აფხაზეთში გენოციდისა და ეთნოწმენდის ფაქტების გამოძიებაზე ხელშეწყობა;
- პარტიული მიზნების განსახორციელებლად საზოგადოების ფართო ფენების ჩაბმა;
- ეროვნულ და ზოგად საკაცობრიო იდეალებზე დაყრდნობით ეროვნული თვითშეგნების ამაღლება და ერის გამთლიანებისთვის ზრუნვზა;
- ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით და მიმართულია პარტიის მიზნების მისაღწევად.
პარტიის მართვის ორგანოები, სტრუქტურა და ფუნქციები:
- პოლიტიკური საბჭო (გამგეობა) პარტიის მთავარი აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც პარტიის საქმიანობას კოლექტიურად მართავს.
"ევროპელი დემოკრატების" პოლიტიკური საბჭოს (გამგეობის) თავმჯდომარე: ნიკოლოზ ვაშაკიძე.
პარტიის აღმასრულებელი ორგანო:
- უზრუნველყოფს ყრილობის გადაწყვეტილების შესრულებას;
- წარმართავს პარტიის, როგორც ერთიანი ორგანიზმის საქმიანობას;
- კონტროლს უწევს ცენტრალიზებული წესით დაქვემდებარებულ სტრუქტურულ რგოლებს პარტიის საქმიანობის ნებისმიერ სფეროში;
- პარტიის წევრს აკისრებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას;
- უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პარტიის წევრობიდან გარიცხვის შესახებ, ხოლო გამგეობის წევრის პარტიიდან გარიცხვის შემთხვევაში ავტომატურად წყდება გამგეობის წევრის უფლებამოსილება.
- იღებს გადაწყვეტილებებს პარტიის ყველა სხვა მიმდინარე საკითხებზე, რაც წარმოიშობა ყრილობებს შორის პერიოდში და რაც ყრილობის სპეციალურ კომპეტენციას არ განეკუთვნება.
პარტიას ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თუ სხვა სახის ორგანოებთან, ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან წარმოადგენს თავმჯდომარე და წარმართავს პარტიის ყოველდღიურ საქმიანობას; პარტიის თავმჯდომარე აირჩევა 4 წლით.- პარტიის თავმჯდომარე: პაატა დავითაია
სარევიზიო კომისიის უფლებამოსილებაა პარტიის საფინანსო–საბუღალტრო დოკუმენტების რევიზია. სარევიზიო კომისია უფლებამოსილია თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. რევიზია ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც.-"ევროპელი დემოკრატების" გენერალური მდივანი: მამუკა გამყრელიძე
პარტიის წევრად მიღებისა და წევრობის შეწყვეტის წესი და პირობები:
პარტიის წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, აღიარებს პარტიის წესდებას, პროგრამას, იხდის საწევრო შესატანს და არ არის რომელიმე სხვა პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი. პარტიიდან გასვლა თავისუფალია და წარმოებს პარტიის გამგეობის სახელზე პარტიის წევრის მიერ გაკეთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე.