მამუკა გამყრელიძე - ნენსი პელოსის ვიზიტი არ აწყობდა აშშ-ს, თუმცა მან თავისი გაიტანა - არ უნდა ვინერვიულოთ იმაზე, რომ დიდი „ჯახი“ მოხდება
"ევროპელი დემოკრატების" გენერალური მდივანი, საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთში, მამუკა გამყრელიძე ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო, მხარეებს შორის ურთიერთობების გამწვავება მოსალოდნელი არ არის.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, „ეს ყველაფერი ერთი დიდი თამაშის გამოვლინებებია.
„ამიტომ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვინერვიულოთ იმაზე, რომ იქ დიდი „ჯახი“ მოხდება. ჩვენთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება, როგორ დალაგდება ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა, როგორ გაგრძელდება ეს პოლიტიკა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი შეფასებით, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი თავის თავზე იღებს იმ პასუხისმგებლობას, რაც მის ტაივანში ვიზიტს შეიძლება მოყვეს.
„დღევანდელი ჩინეთი რადიკალურად განსხვავებულია სამხედრო სიძლიერითაც, შეხედულებებითაც, ეკონომიკაზე აღარაფერს ვამბობ. ამიტომ ახლა ცოტა სხვა მომენტია. პირადად ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ ეს ვიზიტი არანაირად არ აწყობდა აშშ-ს, ყოველ შემთხვევაში, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას. არ აწყობდა არც პენტაგონს, რომელმაც უზარმაზარი თანხა დახარჯა იმაში, რომ გაეგზავნა ფლოტი, ავიამზიდი, კრეისერები, წყალქვეშა თვითმფრინავები. ამიტომ, აფრთხილებდნენ და ამბობდნენ, რომ ახლა ვიზიტი საჭირო არ არისო. დრო ძალიან ცუდად არის შერჩეული. ამოაგდეს კიდეც ვიზიტების სიიდან, თუმცა, როგორც ჩანს, პელოსიმ უბრალოდ თავისი გაიტანა. ის 82 წლისაა, ეს უნდა გავითვალისწინოთ. მთელი მისი პოლიტიკა ახალგაზრდობიდან დღემდე არის ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის, ქალთა უფლებებისთვის, დემოკრატიისთვის ა.შ. რაც მან გააკეთა, ეს არის იმ პოლიტიკის მწვერვალი, რასაც ის წლების განმავლობაში ატარებდა. მან თავისი გაიტანა, თან მაშინ, როდესაც შემოდგომაზე კონგრესის არჩევნებია, რომელსაც პელოსი ხელმძღვანელობს. მან აჩვენა კონგრესის სრული დამოუკიდებლობა ადმინისტრაციისგან, რაც კარგია. ეს ენტონი ბლინკენმაც თქვა კიდეც. ნენსი პელოსი თავის თავზე იღებს ამ პასუხისმგებლობას“, - განაცხადა გამყრელიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ჩინეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ტაივანის შეერთებას გეგმავს, მათ შორის სამხედრო გზითაც.
„ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება, რაც ნიშნავს, შენი ამერიკის არ მეშინიაო და მართლაც არ ეშინია“,-განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ნენსი პელოსი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ცნობისთვის, ჩინეთმა ამერიკის შეერთებული შტატები არაერთხელ გააფრთხილა, რომ ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლა საფრთხეს შეუქმნის ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გააუარესებს ურთიერთობას ვაშინგტონთან და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს ჩინეთის მხრიდან.
"ინტერპრესნიუსი"