მამუკა გამყრელიძე - რუსეთის საგარეო უწყების მიერ გაკეთებული განცხადება გვიჩვენებს თუ რა ორმხრივ მოთხოვნებსა და დათმობებზე იქნებოდა საუბარი ბაიდენ-პუტინის დიალოგისას
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების სათაურიც და შინაარსიც გვიჩვენებს თუ რა ორმხრივ მოთხოვნებსა და დათმობებზე იქნებოდა საუბარი ბაიდენ-პუტინის დიალოგის დროს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი დასავლეთს თამაშის ახალ წესებს სთავაზობს.
„რუსეთის მოთხოვნა კატეგორიული და “იმპერატიულია”, შეჩერდეს ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთ მიმართულებით, არ მოხდეს შეტევითი შეიარაღების განთავსება რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, არ ჩატარდეს ნატო-ს სამხედრო სწავლებები როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაში რუსეთის ფედერაციის სიახლოვეს. ამ მოთხოვნების დამოწმებას რუსეთი ითხოვს ხელმოწერილი საერთაშორისო დოკუმენტის სახით. ამ მოთხოვნების საფუძვლად რუსეთი სრულიად ცინიკურად იყენებს ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპს “არ გააძლიერონ საკუთარი უსაფრთხოება სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე. ეს მაშინ, როცა რუსეთის ყველა ქმედება პირდაპირ უქმნის საფრთხეს მეზობელ ქვეყნებს. განცხადების შინაარსიდან გამომდინარე მოჩანს ბმა ბაიდენის პრესკონფერენციასთან, რომელიც მან პუტინთან საუბრიდან მეორე დღეს მოაწყო და სადაც განაცხადა, რომ აუცილებელია შემდგომი შეხვედრა პუტინთან მოხდეს გაფართოებულ ფორმატში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დასავლეთ ევროპის ნატო-ს წევრი ოთხი ქვეყანა და ამ შეხვედრაზე უნდა მოხდეს რუსეთის წინადადებების განხილვა. სავარაუდოდ, ამ შეხვედრაზე რუსეთი ამ მოთხოვნებით წარდგება. ამავე დროს, ბაიდენს ჰქონდა კონსულტაცია შეხვედრამდეც და შეხვედრის შემდეგაც ამ ოთხი ქვეყნის ლიდერებთან, ნატო-ს სხვა წევრებთან კი არავითარი კონსულტაცია არ მომხდარა, რამაც აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის განაწყენება გამოიწვია,“- განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.
როგორც მან აღნიშნა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთმა ბაიდენს პირდაპირ დაუყენა ულტიმატუმი, რომლის შესრულება უმძიმესი რეპუტაციული დარტყმა იქნება დასავლეთისა და ნატოს იმიჯისთვის და ამავე დროს სრულიად მიუღებელი - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის.
„ახლა ამერიკა ეძებს გამოსავალს შექმნილი ვითარებიდან და ცდილობს უახლოეს ევროპელ პარტნიორებზე გადაანაწილოს პასუხისმგებლობა. როცა ულტიმატუმზე ვსაუბრობთ, ცხადია, უნდა ვიგულისხმოთ თუ რა დათმობა შეიძლება მოხდეს რუსეთის მხრიდან. მხოლოდ უკრაინაში შეჭრაზე უარის თქმა არ იქნებოდა ამერიკისთვის საკმარისი. არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ ამ საუბრისას უფრო გლობალური თემის განხილვაც შედგა. ამერიკა სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული, რომ დატოვოს ჩინეთი მარტო დასავლეთის კოალიციის პირისპირ. რუსეთის სიახლოვე ჩინეთთან ამ საკითხში მას ხელს უშლის. მეორე მხრივ, რუსეთი მშვენივრად ხედავს, რომ დაძაბულობის ცენტრმა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთიდან სამხრეთ- აღმოსავლეთ აზიაზე გადაინაცვლა და ჩინეთი ხდება ამერიკის და დასავლეთის მთავარის სამიზნე. არ არის გამორიცხული, რომ ბაიდენ-პუტინის შეხვედრაზე იყო საუბარი ამ თემაზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ შეხვედრას წინ უძღოდა პუტინის მეგობრული ვიზიტი დელიში, პეკინის მუდმივ მოწინააღმდეგესა და ამერიკის პარტნიორთან, სადაც მოხდა ინდოეთისთვის სამხედრო და ტექნოლოგიურ დახმარების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, რაც შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ერთგვარი გზავნილი და რევერანსი აშშ-სადმი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნებისმიერი წინადადება, თუნდაც ულტიმატუმის სახით ითვალისწინებს ორმხრივ დათმობებს. აქ შეგვიძლია მხოლოდ ვიმარჩიელოთ, რა დონის დათმობებზე შეიძლება წავიდნენ მხარეები“, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.
„ინტერპრესნიუსი“