პაატა დავითაია - მიუნხენის კონფერენციამდე რუსეთი შეეცდება სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვას, რაც შესაძლოა გამოიყენოს ზეწოლის ბერკეტად საქართველოს წინააღმდეგ

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში ოკუპანტი ქვეყნის დასახელება აუცილებელია.


მისი თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დაძაბულ ვითარებაში, რაც უკრაინასთან ერთად საქართველოსთან დაკავშირებითაც არის შექმნილი და როცა სწორედ ამ სიტუაციაში მოხდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა. როგორც დავითაიამ აღნიშნა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს პარტნიორების ინტერესს საქართველოს მიმართ.


„ყველასთვის ნათელია, რომ დღეს უკრაინასთან ერთად რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე დგას საქართველო და უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, აგრესორი ქვეყნის სამიზნე ჩვენ გავხდებით.


მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს მონაწილეობით ჩვენი პარტნიორები ადასტურებენ, რომ მათთვის პრიორიტეტულია საქართველოს ინტერესები იმ დაძაბულ ვითარებაში, რაც შეიქმნა მას შემდეგ რაც სერგეი ლავროვმა გაავლო „წითელი ხაზები“ ნატოს არგაფართოებასთან დაკავშირებით.

მე არაერთხელ გავაჟღერე და გავაფრთხილე ხელისუფლება, რომ უკრაინაში სიტუაციის დაძაბვასთან ერთად გაიზრდებოდა რუსული ოკუპაციის საფრთხე. ეს დადასტურდა კიდეც. სოფელ მეჯვრისხევში და სოფელ ჯარიაშენთან გამოჩნდნენ რუსი ჯარისკაცები. რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას განაგრძობს და ეს ხდება უკრაინაში მიმდინარე პროცესების პარალელურად. ახლა რუსეთი შეეცდება კიდევ უფრო გააძლიეროს მცოცავი ოკუპაცია, გაზარდოს მასშტაბი და დაძაბოს ვითარება, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებთან. ეს არის რუსული ტაქტიკა.

რუსეთის მიზანია მაქსიმალურად გაანეიტრალოს საქართველო საერთაშორისო არენაზე. მიუნხენის კონფერენციამდე რუსეთი შეეცდება სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვას, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ზეწოლის ბერკეტად, საქართველოს წინააღმდეგ, რათა არ მოხდეს მკვეთრი პოზიციების დაფიქსირება რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

ხელისუფლება არ უნდა აჰყვეს რუსულ ტაქტიკას, აგრესორის შანტაჟს და უნდა იმოქმედოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. ხელისუფლების მხრიდან უნდა მოხდეს პოზიციების მკვეთრად დაფიქსირება, რადგან რუსეთის ფედერაციასთან დათმობა და ერთგვარი არგაღიზიანების პოლიტიკა არანაირი შედეგის მომტანი არ არის. უფრო მეტიც, ჩვენი ნეიტრალური და რბილი პოზიცია, რუსეთის მხრიდან ყოველთვის აღიქმება ჩვენს სისუსტედ, რასაც რუსეთი იყენებს საკუთარი ინტერესებისთვის, კიდევ უფრო გაამძაფროს ზეწოლა, რისი არაერთი მაგალითიც გვაქვს უახლოეს წარსულში.

მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, ძალიან მნიშვნელოვანია რა ტიპის განცხადებებით წარსდგება საქართველოს პრემიერ - მინისტრი პარტნიორების წინაშე ასეთ მნიშვნელოვან კონფერენციაზე. ასეთ რთულ მდგომარეობაში, გადამწყვეტია როგორი იქნება მისი გზავნილები. ამ კონფერენციაზე ხელისუფლებისგან ხმამაღლა უნდა გაჟღერდეს, რომ ჩვენ ვართ მსხვერპლი ოკუპაციის და აგრესიის, რომელიც არ ჩერდება და არსებობს რეალური საფრთხე, აგრესია გადაიზარდოს ანექსიაში”, - აცხადებს პაატა დავითაია.


"ინტერპრესნიუსი"