მამუკა გამყრელიძე - ბრიუსელში დამტკიცებული ევროპის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, შესაძლოა ნატოს ალტერნატივა გახდეს ევროპაში, იყოს მასზე მობილური და ქმედითი

ბრიუსელში ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე დამტკიცებული „სტრატეგიული კომპასი“ არის ფუნდამენტური და უმნიშვნელოვანესი ცვლილება ევროკავშირის უსაფრთხოების არქიტექტურაში, რომელსაც გავლენა ექნება არა მარტო ევროპის, არამედ მსოფლიოს თავდაცვით პოლიტიკაზე და გახდება მეტად სუვერენული ევროპის დასაყრდენი , - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი სისტემა საშუალებას იძლევა, ევროპის უსაფრთხოება უფრო მობილური და ქმედითი გახდეს.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს სტრატეგია არის პრეზიდენტ მაკრონის დიდი ხნის ამბიციური გეგმა, რომელსაც საფუძველი 2017 წელს, სორბონას უნივერსიტეტში მისი საპროგრამო გამოსვლის შემდეგ ჩაეყარა, რომელიც მიმართული იყო ევროპის ახალი სტრატეგიის შექმნაზე. მაკრონი მთელი ამ წლების განმავლობაში ხაზს უსვამდა, რომ ევროკავშირის უსაფრთხოება ზედმეტად არის დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე. AUKUS შექმნის და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გადართვის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა, ევროპას შეექმნა უსაფრთხოების საკუთარი დამოუკიდებელი სისტემა.

ამ გეგმას საფუძველი ოფიციალურად ჩაეყარა 2020 წელს, მისი დასრულება კი დაგეგმილი იყო იმ პერიოდისთვის, როდესაც საფრანგეთი იქნებოდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. საფრანგეთს ჰყავს ევროკავშირში ყველაზე ქმედითი არმია, „ბრექსიტის“ შემდეგ ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირში, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღი. ამის გათვალისწინებით, გასაგებია საფრანგეთის, როგორც ევროპის ლიდერი ქვეყნის ამბიცია სამხედრო და იდეოლოგიური თვალსაზრისით. მომავალი 6 თვე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ გეგმის განხორციელებისთვის, რადგან სწორედ ამ პერიოდში იქნება საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ აპრილში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები, მაკრონის გამარჯვების შემთხვევაში, ეს პროცესი უფრო დაჩქარდება და გაძლიერდება.

ევროპის ახალი სტრატეგიის მიხედვით, ევროკავშირი შექმნის 5000 მდე ჯარისკაცისგან შემდგარ ერთობლივი რეაგირების ძალებს, რაც უნდა განხორციელდეს 2025 წლამდე და უფრო გაფართოვდეს შემდგომ წლებში. ორგანიზაციის დაფინანსება მოხდება ევროკავშირის თავდაცვითი ფონდიდან, რომელიც ასევე საფრანგეთის ინიციატივით შეიქმნა 2017 წელს. ფონდი განკუთვნილია ევროპის თავდაცვითი ტექნოლოგიების, სამხედრო ინდუსტრიის და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერების დასაფინანსებლად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სადაზვერვო სამმართველოს შექმნა. ევროპას არ აქვს დაზვერვის საკუთარი დამოუკიდებელი ორგანიზაცია. არსებობს სტრატეგიული დაზვერვისა და სიტუაციების შესწავლის ცენტრი, რომელსაც არ აქვს უფლება მოიპოვოს სადაზვერვო ინფორმაცია და ფლობს მხოლოდ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებიდან ნებაყოფლობით მიღებულ ინფორმაციებს, შესაბამისად, არ არის დამოუკიდებელი სტრუქტურა. ახალი სტრატეგიით დაგეგმილია დამოუკიდებელი სადაზვერვო სააგენტოს შექმნა, რაც ასევე მაკრონის ინიციატივაა.

როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა, რომელმაც მოამზადა ეს დოკუმენტი, განაცხადა, „სტრატეგიული კომპასი“ არის ევროკავშირის სამომავლო გეგმა, რომელიც ევროპას მისცემს შესაძლებლობას გააკეთოს „კვანტური ნახტომი“ მომავალი ათი წლის განმავლობაში და „ისწავლოს ძალის ენით საუბარი“. დოკუმენტი 2022 წლის ივნისში წარედგინება ნატოს, როგორ ევროპის ერთადერთ თავდაცვით ორგნიზაციას. ეს იქნება ნატოს ანალოგიური სისტემა, მაგრამ უფრო მობილური და სწრაფი რეაგირების, რომელიც უზრუნველყოფს მზადყოფნას ისეთი გამოწვევებისა და საფრთხეების დროს, რის წინაშეც ევროპა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის პირობებში აღმოჩნდა“,- აცხადებს მამუკა გამყრელიძე.


ინფორმაციას პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.


"ინტერპრესნიუსი"