მამუკა გამყრელიძე - ხელისუფლების ორ ტოტზე ჯდომა აბრკოლებს ჩვენს სწრაფ გაწევრიანებას ევროკავშირში, უკრაინაში ომის მიუხედავად, დასავლეთს შეუმჩნეველი არ რჩება საქართველოში არსებული პოლიტიკური ჭაობი
პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშის, ევროკავშირის კითხვარის და ქართული პოლიტიკის ჩიხური მდგომარეობის შესახებ საუბრობს.
- საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მცირე ინტერვალით ორი კრიტიკული შეფასება მიიღო, ერთი ევროპის საბჭოდან, მეორე - სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ეს ანგარიშები წინა ანგარიშებთან შედარებით უფრო მწვავეა. როგორ შეაფასებთ დასავლეთის გამკაცრებულ ტონს საქართველოს ხელისუფლების მიმართ?
- ეს ანგარიშები ასახავს იმ მდგომარეობას, რაც გვაქვს ქვეყანაში და არის ხაზგასმა საქართველოს ხელისუფლების ცუდ მუშაობაზე. სამწუხაროდ, ჩვენთან პოლიტიკურ კლასს ზედაპირული წარმოდგენა აქვს იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს ჩვენს ნაბიჯებს. მაგალითად, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე მოხდა სერიოზული მიუღებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რასაც შემდეგ მოჰყვა „ქართული ოცნების“ გამოსვლა შეთანხმებიდან, ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ ჩათვალა, რომ პროცესი დასრულდა და მას არ ექნებოდა ნეგატიური შედეგი. ამას დავამატოთ ელჩების მიმართ საკმოდ მკაცრი და მძაფრი გამონათქვამები, განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან, ეს ეხებოდა ამერიკის ელჩს, ასევე ევროკავშირის და გერმანიის ელჩებს. ამ ადამიანებისგან თავის ქვეყნებში იგზავნება ანგარიშები, რის მიხედვითაც ხდება წარმოდგენების და დამოკიდებულების ჩამოყალიბება საქართველოს მიმართ. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ქვეყნის მიმართ საკმაოდ თბილი და „ქართული ოცნების“ მიმართ შემწყნარებულური დამოკიდებულება შეიცვალა მკაცრი ტონით. შედეგი გახლავთ ის დასკვნები, რაც მოვიდა. ამ დასკვნებს, რა თქმა უნდა, აქვს საფუძველი, მაგრამ ჩვენ გვახსოვს რომ წლების განმავლობაში, პარტნიორები ცდილობდნენ თვალი დაეხუჭათ დარღვევებზე და ძალიან მკაცრად არ მოგვქცეოდნენ, ეს განსაკუთრებით ეხებოდა არჩევნებს. ახლა ასე აღარ იქნება. როგორც ევროკავშირი, ასევე შეერთებული შტატები იქნება მაქსიმალურად მკაცრი რეფორმების გატარების შეფასების კუთხით და ასევე საარჩევნო პროცესის მიმართ.
ჩემი აზრით, ამ ორი დოკუმენტის თანხვედრა და გარკვეული გამონათქვამები სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტების, მათ შორის პოლონეთის, ბალტიისპირეთის, ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრის, მიგვანიშნებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ დრო გადის და მომავალ არჩევნებზე მათ აუცილებლად შეექმნებათ პრობლემები. დასავლეთისთვის პირდაპირ და ღიად ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან არის ერთპიროვნული მმართველობის დამყარების მცდელობა. თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ რაიმეს შეცვლა, არ გამოვრიცხავ, მოხდეს გარკვეული სანქცირება, მაგალითად, შეწყდეს ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამების დაფინანსება, რაც ჩვენთვის ძალიან ცუდი პრეცენდენტი იქნება.
დასავლეთის ტონის გამკაცრებას უკრაინაში მიმდინარე პროცესებიც განსაზღვრავს. ჩემი აზრით, ეს არის კომპლექსური საკითხი. ის, რაც უკრაინაში ხდება არის სარკე ევროპაში მიმდინარე პროცესების და ჩვენ მიმართ დამოკიდებულების შეცვლის. ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობაზე დიდი წარმოდგენა არასდროს ჰქონიათ, მაგრამ მას იტანდნენ იმის გამო, რომ საქართველოში ასე თუ ისე ხდებოდა სტაბილური სიტუაციის შენარჩუნება. მაშინ როდესაც მსოფლიოში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში ასეთი მწვავე კრიზისია, ჩვენი ორჭოფული დამოკიდებულება მიმდინარე პროცესების მიმართ, ცხადია მიუღებელია ჩვენი პარტნიორებისთვის. მათი დამოკიდებულება აბსოლუტურად ცალსახაა, ჩვენ კი ვცდილობთ ორ ტოტზე ჯდომას, რაც თავისთავად იწვევს გაღიზიანებას ამ ქვეყნების ლიდერებში. გასაგებია, რომ საქართველოს მდგომარეობა არ არის იმ ქვეყნების მდგომარეობის ტოლფასი, რაც აქვთ ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთს, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს, რომლებიც ნატოს წევრები არიან. მათ შეუძლიათ იყვნენ მშვიდად, იმიტომ რომ მათ იცავთ ნატო, საქართველო კი რუსეთის აგრესიის პირისპირ შეიძლება აღმოჩნდეს, ჩვენი მდგომარეობა ბევრად უფრო მყიფე და სუსტია, რის გამოც, ეს ორჭოფული მდგომარეობა შესაძლოა გასაგებიც კი იყოს. ფაქტია, რომ ჩვენ მიმართ მსოფლიოში მკვეთრად შეიცვალა დამოკიდებულება, თუმცა ამაში დასავლეთსაც მიუძღვის ბრალი. 2008 წლიდან დაწყებული ჩვენ არ მიგვიღეს ნატოში, შეპირების მიუხედავად, არ გაგვაძლიერეს ისეთი შეიარაღებით, რომელიც საქართველოს სიმშვიდის საშუალებას მისცემდა. კარგი იქნებოდა, მადრიდის სამიტზე ჩვენთვის მაპის მოცემა, მაგრამ სამწუხაროდ, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს.
- ამის მიუხედავად, ჩვენ დაჩქარებული წესით გადმოგვცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის კითხვარი, ბევრად უფრო გამარტივებული, ვიდრე არის გაწერილი ევრკავშირის წესდებით, რაც ალბათ, უკრაინაში მიმდინარე პროცესებით არის გამოწვეული.
- უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ პროცესში ჩვენი დამსახურება მინიმალურია. ჩვენ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ვართ ერთ კალათაში. მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში სასტიკი აგრესიული ომი დაიწყო გაიზარდა ევროკავშირის ემპათია ამ ქვეყნის მიმართ. სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერებისგან ისმის კიდეც განცხადებები, რომ უკრაინამ სისხლის ფასად მოიპოვა უფლება იყოს ევროკავშირის წევრი. ჩვენც სწორედ ამ პროცედურაში მოვყევით. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეულიდან ჩვენი გამოყოფა, არაკორექტული იქნებოდა. ჩემი ვარაუდით, ეს გაკეთდა უკრაინისთვის, რამაც ჩვენთვისაც გახსნა შესაძლებლობის ფანჯარა. ამ კითხვარის სახით ჩვენ მოგვცეს ავანსი, დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული. აუცილებლად უნდა გავითვალისიწონოთ როგორია პრაქტიკა, რაც აქვს ევროკავშირს. როგორც ისტორია გვიჩვენებს, ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, სამოქალაქო ომის, სახელმწიფოს დაყოფის და სხვადასხვა გარემოებების გამო, მოუწიათ ხანგრძლივად ცდა, იმის მიუხედავად, რომ ისინი გეოგრაფიულად უფრო შეეფერებოდნენ ევროპას. ზოგი უფრო მალე მოხვდა ევროკავშირში, ზოგი - გვიან, ზოგიერთი ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსშია.
ეს არის რთული, ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ უპირველეს ყოვლისა, უნდა დავაკმაყოფილოთ კოპენჰაგენის კრიტერიუმები. ეს არის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტერიუმები და ასევე ევროკავშირის სამართლის ინკორპორირება ქვეყნის შიდა სამართალში. პოლიტიკური კრიტერიუმები მოიცავს დემოკრატიის, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას, უმცირესობათ უფლებების პატივისცემას და ა.შ. ჩვენ ვიცით, როგორი პრობლემებიც გვაქვს ამ მიმართულებებით. სამართლებრივი კრიტერიუმების ნაწილშიც დიდი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი, კანონმდებლობების ჰარმონიაზაციის თვალსაზრისით. ასეა თუ ისე, დაველოდოთ ივნისს მოთმინებით, ჩვენ უნდა მოვიქცეთ, როგორც ევროპელები, რომელთა ცხოვრების წესიც არის სიმშვიდე, მოთმინება, რაციონალური აზროვნება, რაც ჩვენ განსაკუთრებით გვაკლია და გვჭირდება. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროკავშირის წევრობამდე გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ როდესაც ამ გზის ბოლოში გავალთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის.
- რაც შეეხება ქართულ პოლიტიკას, რომელშიც სრული სტაგნაციაა, რამ შეიძლება შეცვალოს და აამოძრაოს დღეს ჩიხურ მდგომარეობაში მყოფი პოლიტიკური პროცესი?
- ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესს შევადარებ ჭაობს, სადაც არ არის მოძრობა და ისმის მხოლოდ ყიყინი. ჭაობს შველის ერთადერთი რამ - მოძრაობა, თუ ქართულ პოლიტიკაშიც არ დაიწყო მოძრაობა, ჩვენ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. რა ააჩქარებს დღეს პოლიტიკურ პროცესს? როდესაც არსებობს დასავლეთის ასეთი მძაფრი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, სწორი იქნებოდა ხელისუფლებისგან გამიჯვნა და მისი მარტო დატოვება ამ პროცესში. ჩვენ დავინახეთ, რომ საპარლამენტო სივრცეში ხელისუფლებასთან თანამშრომლობის არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს. შეუძლებელია საერთო თემებზე ჩამოყალიბება და გადაწყვეტილებებამდე მისვლა. ხელისუფლება კატეგორიულად ამბობს უარს ყოველგვარი დახმარებისგან, აზრის გაზიარებისგან, პირიქით, ცდილობს გაემიჯნოს, დაცინოს ოპოზიციას, მაქსიმალურად თავს ლაფი დაასხას, უკეტავს პარლამენტის დარბაზის კარს, დელეგაციასაც კი ვერ ქმნის მასთან ერთად უკრაინაში წასასვლელად. ასეთ პირობებში მუშაობა შეუძლებელი და შეურაცმყოფელია. ამას ხედავს როგორც დიპლომატიური კორპუსი, ასევე ჩვენი პარტნიორები. იმის მიუხედავად, რომ დღეს მთელი ყურადღება უკრაინისკენ არის მიმართული, პარტნიორებს რჩებათ დროც და ინტერესიც, დაინახონ ყველაფერი, რაც ჩვენთან ხდება, დასავლეთი გვიყურებს და გვაკვირდება, რადგან ჩვენ ვართ რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი და რუსეთის მომავალი აგრესიის შესაძლო საფრთხის ქვეშ. დღეს ალბათ ყველაზე სწორი იქნება ოპოზიციამ დატოვოს პარლამენტი და შეუქმნას ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისი. დეპუტატების ის რაოდენობა, რაც აქვს ხელისუფლებას, სრულიადაც არ არის საკმარისი ნორმალური საპარლამენტო საქმიანობისთვის, რაც აიძლებს ხელისუფლებას გადადგას შემხვედრი ნაბიჯები, მათ შორის ისეთი იძულებითი ნაბიჯი, რაც არის ვადამდელი არჩევნები.
სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ დასავლეთი ვერ ხედავს დასაყრდენს, ვერც ოპოზიციაში. ვერ ხედავს ოპოზიციის აქტიურობას, სანდო სახეებს. ნდობის პრობლემა და რეპუტაცია დიდი პრობლემაა ოპოზიციისთვის. ოპოზიციამ უნდა დაანახოს დასავლეთს ხალხის მხარდაჭერა, რაც ამ ეტაპზე არასაკმარისად აქვს. ამისთვის ოპოზიციამ პირველ რიგში ხალხს უნდა აჩვენოს, რომ არ ეგუება ხელისუფლების ერთპიროვნულ მმართველობას, დატოვოს პარლამენტი, გავიდეს ხალხში და დაიწყოს მათთან მუშაობა იმ საჭიროებებზე და პრობლემების გადაჭრის გზებზე, რაც აწუხებთ ადამიანებს. ამის შემდეგ გამზადებული პროგრამებით შეეცადოს ხელისუფლებაში მოსვლას ან ხელისუფლების გაყოფას მაინც. ასეთ პირობებში, როდესაც არაფერი ხდება და პოლიტიკური პროცესი ჭაობის მდგომარეობაშია, ვითარების მიყვანა 2024 წლამდე, ხალხში იწვევს გაღიზიანებას, ინტერესის დაკარგვას არჩევნების მიმართ, რაც გვაჩვენა კიდეც ბათუმის შუალედურმა არჩევნებმა. ადამიანებს აღარ სჯერათ არც ხელისუფლების, არც ოპოზიციის. ისინი ხედავენ, რომ მთელი ძალაუფლება ხელისუფლების ხელშია, ოპოზიციას კი არ აქვს არც ერთი ბერკეტი იმისთვის, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინოს. დღეს ოპოზიციის ერთადერთი ბერკეტი ხალხია, როდესაც ხალხი არ გიჭერს მხარს, ვერც ხელისუფლებაზე მოახდენ ზემოქმედებას, ვერც პროცესზე. ეს არის ორმხრივი მოძრაობა, ორმხრივი პროცესი ხალხს და ოპოზიციას შორის, რომელიც აუცილებლად მოიტანს შედეგს და სათავეს დაუდებს ახალ პოლიტიკურ პროცესს.
"ინტერპრესნიუსი"