„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია სტრასბურგიდან განცხადებას აქვეყნებს
„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ პარტია „ევროპელ დემოკრატებს“ და მის გენერალურ მდივანს, მამუკა გამყრელიძეს კავშირი არ აქვს 20 ივნისის აქციის ორგანიზებასთან.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირის რეკომენდაციების მიუხედავად, დასრულდეს პოლიტიკური პოლარიზაცია, „როგორც ჩანს არ იცვლება სამთავრობო პროპაგანდა“.
„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ სახელისუფლებო მედია საშუალებები და მათ მიერ კონტროლირებადი სააგენტოები ავრცელებენ საინფორმაციო ბანერებს, სადაც 20 ივნისის აქციის ე.წ. პრორუს ორგანიზატორებად გამოცხადებულ პირებს შორის ასახელებენ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურ მდივანს, მამუკა გამყრელიძეს. ჩვენ მკვეთრად ვემიჯნებით მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. პარტია „ევროპელ დემოკრატებს“ კავშირი არ გვაქვს აქციის ორგანიზებასთან“, - განაცხადა „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაიამ.
მისი განცხადებით, სამთავრობო პროპაგანდა, სწორედ, ასეთი „ფეიკ ნიუსების“ გავრცელებით უწყობს ხელს პოლიტიკურ პოლარიზებას ქვეყანაში.
„ჩვენ მკვეთრად ვემიჯნებით სახელისუფლებო გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ჩემთვის, როგორც პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარისთვის და აგვისტოს ომის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი ინფორმაციების გავრცელება და პარტიის ლიდერისთვის პრორუსული მიდგომების დაბრალება.
ამჟამად, სპეციალური მიწვევით ვიმყოფები სტრასბურგში. დაგეგმილი მაქვს შეხვედრები ევროპის საბჭოს მომხსენებელთან, რომელიც საქართველოს საკითხს განიხილავს. მე წარვადგენ ამ „ფეიკ ნიუსს“, როგორც მტკიცებულებას თუ როგორ მუშაობს სახელისუფლებო პროპაგანდა და სახელისუფლო დაჯგუფებები, რომლებიც ცდილობენ არა თუ შეაჩერონ პოლარიზება, პირიქით, ყალბი გამოგონილი დეზინფორმაციით ხელს უწყობენ პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას.
ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პარტია „ევროპელ დემოკრატებს“ და მის გენერალურ მდივანს, მამუკა გამყრელიძეს კავშირი არ გვაქვს 20 ივნისის აქციის ორგანიზებასთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვართ წარმოდგენილი ამ აქციაზე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და ასევე ვიქნებით ყველა აქციაზე, რომელიც ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას გამოხატავს“,- განაცხადა პაატა დავითაიამ.
განცხადებას პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.
"ინტერპრესნიუსი"