მამუკა გამყრელიძე - ომის რკალში მოქცეული ქვეყნის ხელისუფლება პარტნიორებთან დამაზიანებელი დაპირისპირების და ოპონენტებთან კინკლაობის ნაცვლად ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე უნდა მუშაობდეს
რეგიონში შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე, როდესაც საქართველო თითქმის ომის რკალშია მოქცეული, ხელისუფლებამ და პარლამენტმა მესამეხარისხოვანი ინიციატივების, პარტნიორებთან დამაზიანებელი დაპირისპირების და ოპონენტებთან კინკლაობის ნაცვლად, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მუშაობა ისეთ დოკუმენტზე, რაც შეგვიქმნის უსაფრთხოების გარანტიებს და დაგვაახლოებს ნატო-ს. ეს მომატებული რისკების პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, საქართველომ უნდა დაიწყოს სპეციალურ დოკუმენტზე მუშაობა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებს შექმნის.
მისივე თქმით, ამას საფუძვლად შესაძლოა დაედოს დოკუმენტი, რომელზეც რასმუსენი და ერმაკი მუშაობდნენ.
„ორი დღის წინ გამოქვეყნდა დოკუმენტი „კიევის უსაფრთხოების შეთანხმება“. დოკუმენტი უზრუნველყოფს რუსეთის აგრესიისგან უკრაინის უსაფრთხოების დაცვას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებამდე. ამ დოკუმენტზე 1 ივლისიდან მუშაობდნენ ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი. დოკუმენტი მოიცავს როგორც სამხედრო და ფინანსურ დახმარებას, ასევე სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ თუ რუსეთი კვლავ ხელყოფს უკრაინის სუვერენიტეტს.
ახალი დოკუმენტი იძლევა უსაფრთხოების გარანტიებს, რომელზეც პასუხისმგებლობას იღებენ ნატოს წევრი ქვეყნები, ასევე ავსტრალია, რომელიც ძალიან დიდ დახმარებას უწევს უკრაინას. საუბარი იყო ჩინეთზეც, რომლის ჩართვასაც თავიდან ითხოვდა უკრაინა, მაგრამ რასმუსენმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ამ დოკუმენტში ჩინეთის ადგილი არ არის, რადგან ეს შესაძლოა მიუღებელი იყოს ამერიკისთვის. დოკუმენტი არ გამორიცხავს, რომ ომის შემდეგ შესაძლოა რუსეთი დაიშალოს რამდენიმე სახელმწიფოდ, ამ შემთხვევაში, დოკუმენტი გავრცელდება ამ ქვეყნების აგრესიის შემთხვევაშიც. ამას გარდა, როდესაც უკრაინა შევა ნატო-ში, ეს ხელშეკრულება მაინც იმუშავებს და გარანტიები, რაც იქნება გაცემული დოკუმენტით, გადაეცემა ნატო-ს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უკვე არსებობს მსგავსი პრეცედენტი.
როდესაც ფინეთმა და შვედეთმა გამოაცხადეს ნატო-ში გაწევრიანების სურვილი და მზაობა, დიდმა ბრიტანეთმა აიღო ვალდებულება იყოს შვედეთის და ფინეთის უსაფრთხოების გარანტორი მათ ნატოში გაწევრიანებამდე. თუ გავითვალისწინებთ, რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებას და იმ საფრთხეებს, რაც არსებობს რუსეთის მხრიდან საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა მსგავსი ტიპის დოკუმენტის შექმნაზე, რომელსაც საფუძვლად შესაძლოა დაედოს დოკუმენტი, რომელზეც რასმუსენი და ერმაკი მუშაობდნენ. საქართველომ გადაიტანა რუსეთის აგრესია, ჩვენ დღესაც ვიმყოფებით ოკუპაციის პირობებში და არ ვართ დაცული შესაძლო შემდგომი აგრესიისგან. ასეთი დოკუმენტის შექმნა ძალიან საჭიროა, რაც იქნებოდა კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცებისა და ნატო-სთან დაახლოებისთვის”, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე, რომლის კომენტარსაც „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.
"ინტერპრესნიუსი"