მამუკა გამყრელიძე - ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქიის დიდი გამოცდილება აქვს, ის იყო „სემიბანკირშჩინას“ იმ 7 ბანკირს შორის, რომელიც რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებას მართავდა 90-იან წლებში
დღეს საქართველოში არის არა კლასიკური ოლიგარქია, არამედ მონარქია - ერთი კაცის მმართველობა ჩრდილიდან, არსებული ფორმით დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება იქნება სრული ფიქცია, მისი აღსრულება კი - შეუძლებელი, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დეოლიგარქიზაციის კანონის გამოყენება შესაძლოა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ სხვა მდიდარი ადამიანების დასჯის მიზნით.
„ოლიგარქია კლასიკური განმარტებით, არის მმართველობის ტიპი, როდესაც ადამიანების მცირე ჯგუფი თავისი პოლიტიკური გავლენით, ფინანსური შესაძლებლობებით ან სხვა ბერკეტებით, ახდენს ქვეყნის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების მართვას და აქედან სარგებლის მიღებას.
თანამედროვე ოლიგარქიის თვალსაჩინო მაგალითია 90 - იანი წლების რუსეთის „სემიბანკირშჩინა“, როდესაც რუსეთის ყველაზე დიდი 7 ბანკის მფლობელი მართავდა რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებას. ამ შვიდ ბანკირს შორის ერთ-ერთი ბიძინა ივანიშვილი იყო, შესაბამისად, მას ოლიგარქიის უზარმაზარი გამოცდილება აქვს.
ის, რაც დღეს ხდება საქართველოში არის არა კლასიკური ოლიგარქია, არამედ მონარქია - ერთი კაცის მმართველობა ჩრდილიდან, როდესაც ის ახდენს ზეგავლენას ყველა იმ კრიტერიუმით, რაც არის მოყვანილი დეოლიგარქიზაციის იმ კანონში, რომელსაც საქართველოს პარლამენტი გვთავაზობს. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების განცხადებები, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი „ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება ბიძინა ივანიშვილზე“, არის აბსურდი.
სანამ საქართველოს მართავს ბიძინა ივანიშვილის მარიონეტული მთავრობა, არსებული ფორმით დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება იქნება ფიქცია. მისი აღსრულება კი სრულიად შეუძლებელი. მისი გამოყენება შესაძლოა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ სხვა მდიდარი ადამიანების დასჯის მიზნით, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არსებობის და „საქმიანობის“ ერთადერთი მიზანი გახლავთ ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დაცვა და მისთვის პასუხისმგებლობის არიდება. ამაზე მეტყველებს სახელისუფლებო გუნდის ის გააფთრება, რითაც ისინი ცდილობენ ეს კანონი არ გავრცელდეს ბიძინა ივანიშვილზე“, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.
"ინტერპრესნიუსი"