მამუკა გამყრელიძე - „დიდი ოცეულის“ სამიტზე გამოჩნდა, რომ იქმნება მომავალი ბიპოლარული მსოფლიოს ახალი კონსტრუქცია, რომელშიც საბჭოთა კავშირის როლი ჩინეთმა მოირგო
„დიდი ოცეულის“ სამიტი ბალიზე აღმოჩნდა ისტორიული მნიშვნელობის, სადაც მკვეთრად გამოჩნდა მომავალი მსოფლიოს არქიტექტურა - ორი მთავარი ცენტრი ამერიკის და ჩინეთის სახით და ამ ორი მძლავრი სუპერსახელმწიფოს ირგვლივ მათი მომხრეების ნიშნით დაჯგუფებული ქვეყნები, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, გამხდარიყო საბჭოთა კავშირის მემკვიდრე და მსოფლიოს ლიდერი, არ გამოუვიდა და მან დაკარგა პოზიციები იმ ომის გამო, რომელიც უკრაინაში წამოიწყო.
„სამიტის მთავარი მოვლენა დეკლარირებულად იყო უკრაინის ომი, რაც აისახა კიდეც სამიტზე მიღებულ რეზოლუციაში, რომელსაც კონსესუსის საფუძველზე დიდი ოცეულის ყველა ქვეყნის ლიდერმა მოაწერა ხელი. რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ მიუღებელია ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინაში, ის ხელს უშლის მსოფლიოს ეკონომიკურ ზრდას, იწვევს ინფლაციას, ართულებს სავაჭრო ურთიერთობებს და მაქსიმალურად მოკლე პერიოდში უნდა დასრულდეს.
„დიდი ოცეულის“ სამიტზე აშკარად გამოჩნდა, რომ ამერიკამ მიიღო ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მოწოდება, რომელიც მან გააკეთა ერთი თვის წინ ჩინეთის კომპარტიის ყრილობაზე, რომ დადგა დრო, ჩამოყალიბდეს ბიპოლარული სამყარო, სადაც იქნება ორი სუპერძალა და ცენტრი: ჩინეთი და აშშ. ეს დაადასტურა ბაიდენის და სი ძინპინის სამსაათნახევრიანმა შეხვედრამ, რომელიც 11 წლის შემდეგ პირველად გაიმართა. ამ შეხვედრაზე ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ისინი გააგრძელებენ მეტოქეობას, მათ შორის არის და იქნება იდეოლოგიური განსხვავებები, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ამ ორ სუპერსახელმწიფოს შორის ურთიერთობის გამწვევების და ომის საფუძველი. ამას გარდა, ეს ორი ქვეყანა, ყველაფერს გააკეთებს, რომ არ მოხდეს ბირთვული დაპირისპირება მსოფლიოში.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქმნება ბიპოლარული სამყაროს მსგავსი კონსტრუქცია, დაფუძნებული იდეოლოგიურ განსხვავებაზე, რაც იყო საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ოღონდ მისი როლი ამჯერად ჩინეთმა მოირგო.
მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, გამხდარიყო საბჭოთა კავშირის მემკვიდრე და მსოფლიოს ლიდერი, რუსეთს ეს არ გამოუვიდა, უფრო მეტიც მან დაკარგა პოზიციები იმ ომის გამო, რაც წამოიწყო უკრაინაში და დღეს რეალურად გვევლინება გარიყულ სახელმწიფოდ. მომავალში მოსალოდნელია მისი სამხედრო და ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო დასუსტება, რამაც შესაძლოა რუსეთი მესამე ქვეყნების რიგში დააყენოს“, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.
"ინტერპრესნიუსი"