ნიკოლოზ ვაშაკიძე - ჩვენთან მოხდა გაუნათლებელი მასის პოლიტიზირება, რაც სიკეთეს არ მოგვიტანს
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, პარტია "ევროპელი დემოკრატების" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე 5 ივლისს თბილისის ქუჩებში განვითარებულ ძალადობაზე საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს ეხმაურება.
"ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალადობის და აგრესიის ასეთი ფაქტები, რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითად იქნებოდა და იქნება შეფასებული. გამოტანილი იქნება შესაბამისი დასკვნები ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჩვენთან მოხდა ორი ფაქტორის ცუდი დამთხვევა - მოგეხსენებათ, ჩვენთან კატასტროფულად დაეცა განათლების დონე და ამ ნიშნულით ქვეყნების ბოლო ხუთეულში ვართ, ამასთან მოხდა გაუნათლებელი მასების პოლიტიზირება, რასაც სიკეთე არც ერთი ქვეყნისთვის არ მოუტანია და არც ჩვენ მოგვიტანს.
- ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, გაეროს ოფისში შეჭრის მცდელობა, უცხოელი ტურისტის დაჭრა, როგორ შეაფასებენ ამ ქმედებებს ჩვენი პარტნიორები, რომელთა თვალთახედვის არეალში არჩევნების შემდეგ, ცუდი კონტექსტით, მაგრამ მაინც აღმოვჩნდით.
- საერთაშორისო თანამეგობრობას და დიპლომატიურ კორპუსს არაფერი უკვირს, მათ ყველაფერი უნახავთ და ისეთ ქვეყნებშიც კი მოღვაწეობენ, სადაც ელჩებს ფიზიკურად ჭამდნენ, თუმცა იქაც კი დიდი ხანია, აღარ ხდება ასეთი ბარბაროსული მოვლენები. იმას რაც მოხდა თბილისის ქუჩებში საქართველოსთვის მოჰყვება როგორც ქვეყნის შესაბამისი კატეგორიზაცია. ფაქტია, რომ გუშინ მოხდა ძალიან დიდი დარტყმა ქვეყნის დასავლურ კურსზე. ეს იყო პირდაპირი დემონსტრირება, რომ ქვეყანაში არსებობს აგრესიული, ანტიდასავლურად და ანტიევროპულად განწყობილი მასა, რომელსაც სათავეში უდგანან ბნელი ძალები. ცხადია იგრძნობოდა ჩრდილოელი მეზობლის მუშაობა და გავლენა. აბსოლუტურად არასწორი და უადგილო ნარატივი, რომ თითქოსდა დასავლეთი მიზამიმართულად ცდილობს, გარყვნას ქართველი ერი და დანერგოს ჰომოსექსუალიზაციის პროპაგანდა, რაც არსებობს საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში, თავისით არ არის გაჩენილი, ეს გარედან მუშაობის შედეგია. გაუნათლებელ მასას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენ ქვეყნების ბოლო ხუთეულში ვართ, კვებავენ ასეთი იაფასიანი ნარატივებით, რის შემდეგაც ისინი გამოხატავენ მწვავე აგრესიას ევროპის და ამერიკის მიმართ. ბუნებრივია, რაც უფრო ველურად და არანორმალურად წარმოჩნდება საქართველო საერთაშორისო არენაზე, მით უფრო დიდი დარტყმა მიადგება ჩვენს ინტეგრაციას და ჩვენს კურსს. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ისევ გაძლიერდება რუსეთის პოზიციები და შანსი, რომ საქართველო მოექცეს რუსულ იმპერიულ სივრცეში. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ მეტი რესურსის ჩადებას ჩვენს საზოგადოებაში მოწინავე, თანამედროვე დასავლური ღირებულებების დასანერგად, რაც ბოლო პერიოდში მკვეთრად შემცირდა. ამისი ნეგატიური შედეგი ცალსახად სახეზეა, რაც აისახება საქართველოს ავტორიტეტსა და ნაბიჯებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მინდა მქონდეს იმედი, რომ ამ მხრივ მათი ძალისხმევა და ფინანსური მონაწილეობა გაიზრდება, თუმცა ამაში დარმუნებული არ ვარ. ფაქტია, რომ დასავლეთის პოლიტიკური კლასი არასწორ და არასაკმარის რეაგირებას ახდენს იმ პრობლემებზე, რომელიც დგას მთელ მსოფლიოში და კერძოდ, ჩვენს რეგიონში.
- ხელისუფლებამ, რომელმაც არ აღკვეთა ეს პროცესები, შესაძლოა, თუ არა შეგნებულად გამოიყენა ეს ყველაფერი საკუთარი ინტერესებისთვის?
- პირველ რიგში უნდა შეფასდეს ხელისუფლების ქმედება, რომელიც იწვევს უკიდურეს აღშფოთებას და კრიტიკას. ერთის მხრივ, პრემიერ მინისტრის მხრიდან გაკეთდა ისეთი განცხადებები, რომელმაც პრაქტიკულად წააქეზა და წაახალისა ხალხის ეს კატეგორია, მეორეს მხრივ გუშინ ამ უმსგავსი მოქმედებების აღსაკვეთად პრაქტიულად დიდი არაფერი გაკეთებულა, რამაც საბოლოოდ შექმნა ის სურათი, რაც მივიღეთ. მე ვფიქრობ, რომ იყო გარკვეული შეგნებული ქმედებები ხელისუფლების მხრიდან, მას აქვს ლოკალური გათვლა, ფიქრობს, ამ ტიპის ხალხი წარმოადგენს ელექტორატის დიდ ნაწილს და ასეთი საქციელით მოიგებენ მათი გულს მოახლოვებული ადგილობრივი არჩევნების წინ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ იმ ტიპის ხელისუფლებებისთვის, როგორიც ჩვენ დღეს გვყავს, ყოველთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება ხელისუფლების შენარჩუნება, რომელსაც ისინი შეწირავენ ნებისმიერ სხვა ინტერესს, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულებას. ეს ჩვენ არაერთხელ ვნახეთ და კიდევ ბევრჯერ ვნახავთ.
2020news.ge