„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერები ევროკავშირში შეხვედრებს მართავენ

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერები, პარტიის თავმჯდომარე პაატა დავითაია, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე და გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.


მათი ცნობით, პარტიის ლიდერები ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელს, დოროტა დლუჩი სულიგას შეხვდნენ.


როგორც „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია აღნიშნავს, შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან და საქართველოს ოკუპურებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები.


„დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, უპრეცედენტოა საქართველოს მიმართ ევროპელი პოლიტიკოსების ყურადღება, განსაკუთრებით 12 - პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.


შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელთან დოროტა დლუჩი სულიგასთან, რომელიც კურირებს ევროკავშირში საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვას, ბელარუსის პოლიტიკის მიმართულებას, დეტალურად ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, რაც არის შექმნილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.


ჩვენი საუბარი ასევე ეხებოდა იმ ხარვეზებს, რაც არსებობს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში, ეს განსაკუთრებით აშფოთებთ ევროპელ პოლიტიკოსებს. ჩვენი საუბრის მთავარი საკითხები იყო საარჩევნო და სასამართლო რეფორმა, ანტიკორუფციული რეფორმა. როგორც ცნობილია, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო და შემდეგ შეაჩერა საარჩევნო კანონი, რომელიც მოიცავდა შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრულ 2 % იან ბარიერს. ნების არსებობის შემთხვევაში მისი მიღება პრობლემა არ იყო და ეს რეკომენდაცია ყველაზე ადვილი შესასრულებელი უნდა ყოფილიყო. იგივე ეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, რომელიც ფაქტიურად მიღებულია ორი მოსმენით და მხოლოდ შემდეგ გადაეგზავნა ვენეციის კომისიას, აქედან გამომდინარე. რთულია ტექნიკურად ცვლილებების განხორციელება, რაც აქ დიდ შეშფოთებას იწვევს.


ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს სასამართლო ხელისუფლებაში შექმნილი სიტუაცია და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ხარვეზები. ასევე ზედაპირულია ანტიკორფციული კანონი, რომლის მიხედვითაც არ არსებობს გამოძიების წარმართვის და მოკვლევის შესაძლობლებები. ამ კანონით მხოლოდ ანტიკორუფციული პოლიტიკის წარმართვა ხდება. რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ ესეც პრემიერ მინისტრის დაქვემდებარებაშია, რაც ძალიან გაართულებს ანტიკორუფციული პოლიტიკის წარმართვას, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს. ამაზე ღიად საუბრობენ ჩვენი ევროპელი მეგობრები.


შეხვედრაზე მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რაც არ უნდა უკმაყოფილო იყოს ევროპის საბჭო, ევროპის პარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით და რა მწვავე კითხვის ნიშნებიც არ უნდა არსებობდეს მმართველ გუნდთან, საქართველომ ყველა შემთხვევაში უნდა მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს არის ქართველი ხალხის მისწრაფება და ჩვენი მთავარი სახელმწიფო ინტერესი“, - განაცხდა პაატა დავითაიამ.


"ინტერპრესნიუსი"