საარჩევნოდ გამოფიტული პოლიტპარტიები და ანულირების პოლიტიკური ფასი – ნიკოლოზ ვაშაკიძე ქართული პოლიტიკის ამინდზე
"შარლ მიშელის შეთანხმება" ანულირებულია. ხელისუფლება მიზეზად ვალდებულების ცალმხრივ შეთანხმებას ასახელებს. ოპონენტები კი ამბობენ, რომ "9 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებას "ქართული ოცნება" იმის გამო გამოეთიშა, თითქოს 43%-იან ზღვარს ვერ გადალახავდა, რასაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უნდა მოჰყოლოდა.
ამის საპასუხოდ "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სულაც 3% რომ აიღონ არჩევნებში ვადამდელი მაინც არ დაინიშნება.
საზოგადოებაში ფაქტს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა: ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არის პრაგმატული ნაბიჯი, ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს "პოლიტიკური გადაგდებაა".
არ წყდება კრიტიკა და მწვავე განცხადებები როგორც შიდა პოლიტიკურ სპექტრში, ასევე საერთაშორისო პარტნიორებისგან.
დოკუმენტის ანულირების ავტორების მთავარი გადაწყვეტილება, როგორც ამბობენ, არის ის, რომ "უსამართლობაა" და მმართველ პარტიას არც მხარდამჭერები აპატიებენ, რომ შემდგომშიც შეასრულოს იმ დოკუმენტის მოთხოვნები, რომელზეც ხელი არა აქვს მოწერილი ოპოზიციის დიდ ნაწილს.
თავად დოკუმენტის სულისჩამდგმელი, მუდამ ოპტიმისტი და სიდინჯით გამორჩეული შარლ მიშელი ამ ეტაპზეც ჩვეული სიმშვიდით შეხვდა ფაქტს და აცხადებს, რომ იმედი აქვს, ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდება.
პარტია "ევროპელი დემოკრატების" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ვაშაკიძის შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ამინდი არაპროგნოზირებადია და ფიქრობს, რომ პოლიტიკური სპექტრის "დუღილის ტემპერატურა" საკმაოდ დაეცა. რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ "უამინდობით", შესაძლოა, ახალმა ძალამ ისარგებლოს და პოლიტიკურ ტატამზე ფაქტობრივად ტექნიკური გამარჯვება მიითვალოს.
"პრაიმტაიმს" მომავალ არჩევნებზე, გაბრაზებულ ამერიკასა და საერთაშორისო დიპლომატების შეფასებებზე დიპლომატი, ნიკოლოზ ვაშაკიძე ესაუბრა:
– როგორ შეაფასებთ საქართველოს პოლიტიკურ ველზე არსებულ მდგომარეობას არჩევნებამდე ორი თვით ადრე?
პოლიტიკური სპექტრი ადგილობრივ არჩევნებს გამოფიტული და სერიოზულად რეიტინგდაცემული უახლოვდება. ეს ეხება როგორც მმართველ ძალას, ასევე ოპოზიციას. ბუნებრივია, ამ ვითარებით მაქსიმალურად სარგებლობენ ის ძალები, რომლებიც ახლადგამოსულები არიან პოლიტიკურ ასპარეზზე და, შესაბამისად, ჩვეული პოლიტპარტიებისგან გადაღლილი ელექტორატის ხმების მონადირებას ცდილობენ. პირველ რიგში ეს ეხება გიორგი გახარიას პოლიტიკურ პარტიას. ამ ვითარებიდან გამომდინარე ის გარკვეული დიდვიდენდებით სარგებლობს, თუმცა ეს ეფექტი ძალიან დიდი ალბათ არაა.
– დასავლელი აქტორების ამოცანა "ოცნების" "მიშელის შეთანხმებაში" დაბრუნებაა, დაუბრუნდა თუ არა პოლიტიკური ცხოვრება "შარლ მიშელის" შეთანხმებამდე არსებულ მდგომარეობას?
ასე ვერ ვიტყოდი. ხომ იცით, ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლის ამბავი. "ოცნების" მიშელის შეთანხმებიდან გამოსვლის მიუხედავად, ვითარება შეთანხმებამდელ მდგომარეობას ვერ დაუბრუნდება. მთავარი განსხვავება ისაა, რომ ოპოზიცია ახლა ვერ შექმნის იმ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც მაშინ არსებობდა და რომლის შედეგიც გახდა "შარლ მიშელის" შეთანხმება, დღის წესრიგში კი არჩევნები და საარჩვენო მზადება დგას.
– მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მიშელის შეთანხმებას ცალმხრივად ასრულებდნენ. საპირისპიროს ამტკიცებენ ნაციონალები. მეტიც, ახლა ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ პარლამენტში რჩებიან და ოცნებას ურჩევენ, დაუბრუნდნენ მიშელის შეთანხმებას – ვინ ვის და რა თამაშს თამაშობს, თანაც იმ ფონზე როცა ნიკა მელია დეპუტატის მანდატს ტოვებს.
ცხადია, "ოცნება" ცალმხრივად არ მონაწილეობდა შეთანხმებაში. მასთან ერთად ეს შეთანხმება ხელმოწერილი აქვს მრავალ პოლიტიკურ პარტიას. თუმცა, მათი ის არგუმენტი, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის შეთანხმებაში არმონაწილეობა მნიშვნელოვნად აკნინებს მას, მთლად აზრს მოკლებული არაა. ვფიქრობ, პარლამენტში შესვლის პირობებში შეთანხმებაზე ხელის არმოწერა ნაცმოძრაობის დიდი შეცდომა იყო, რომელმაც საშუალება მისცა "ოცნებას" გაეკეთებინა ის, რაც მან ახლა გააკეთა. ისე, "ოცნების" არგუმენტი ლოგიკურად წინააღმდეგობრივია და, მეტიც, ღიმილისმომგვრელი. ისინი მუდამ ამბობენ იმას, რომ ნაცმოძრაობა გადაქცეულია მარგინალურ პოლიტიკურ ძალად, რომელიც საქართველოს ამომრჩევლის მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ნაწილის ნებას აღარ გამოხატავს. მაშინ გაუგებარია რატომ კარგავს აზრს ის შეთანხმება, რომელშიც თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი მონაწილეობს ნაციონალური მოძრაობის გარდა
– როგორ შეაფასებთ აშშ-ს "შეწუხებული დ გაბრაზებული" საელჩოს განცხადებას – რას ნიშნავს მმართველი პარტიისთვის ეს მესიჯი. აშშ-ს მოთმინება ეწურება?
აშშ-ს საელჩოს განცხადება ძალზედ მწვავეა, მასში შეფასებების ისეთი რადიკალური ფორმებია გამოყენებული, რომლებსაც ადრე არ ვხვდებოდით. ეს გასაგებიცაა. ზოგადად დასავლური მენტალობისთვის და, კერძოდ, აშშ-სთვის მიღწეული შეთანხმებების და ნაკისრი ვალდებულებების უპატივცემლობა აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი საქციელია. ყველაფერთან ერთად, ეს დაუშვებელი უპატივცემულობაა იმ მაღალი დონის ფასილიტატორების, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ შეთანხმებაზე მუშაობაში და ამ შედეგისთვის დიდი ძალისხმევა გასწიეს. თანაც, ამ ნაბიჯს წინ უძღოდა მიღწეული შეთანხმების დარღვევით მოსამართლეების დანიშვნა, რაც, ბუნებრივია, ასევე ძალიან მტკივნეულად იყო აღქმული აშშ-ს მიერ. თუ ამ ყველაფერს სხვა მძიმე ბოლოდროინდელ ამბებს დავამატებთ, 5 ივლისის სამარცხვინო მოვლენების ჩათვლით, არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ აშშ-ს უკვე სერიოზული ეჭვები აქვს ""ქართული ოცნების” ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი". "ქართული ოცნებისთვის" ეს მესიჯი იმას ნიშნავს, რომ მისი იმიჯი ვაშინგტონში პრაქტიკულად დანგრეულია და მას უბრალოდ როგორც მოცემულობას, ისე განიხილავენ. სამწუხარო აქ ისაა, რომ ამ პროცესებში სერიოზულად ზიანდება თავად საქართველოს სახელმწიფოს იმიჯიც.
– ვიოლა ფონ კრამონის ვიზიტი საქართველოში, შეხვედრები გახარიას გუნდთან, მკაცრი განცხადებები მმართველი გუნდის მისამართით და კრიტიკა ჟურნალისტების ნაწილის მიმართ – კრამონის განცხადებები ყველა მხარემ თავისებურად აღიქვა, თქვენ როგორ შეაფასებთ მის მწვავე მესიჯებს.
მესიჯები ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სავსებით გასაგები. სხვა რეაქცია ამ პირობებში ვერ იქნებოდა. ნიშანდობლივია ის, რომ ევროკავშირის რეაგირების თემამ ზოგადიდან კონკრეტულ სფეროებში დაიწყო გადანაცვლება. ვიოლა ფონ კრამონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის მიკროსაფინანსო ტრანშის შეჩერებაზე მუშაობას იწყებს. ამავე დროს, საუბარია სხვა სანქციებზეც და მათ კოორდინაციაზე აშშ-სთან, რაც მინიშნებაა იმაზე, რომ სანქციებს ვაშინგტონიც განიხილავს და ამ თემაზე სავარაუდოდ ევროკავშირის და აშშ-ს ერთობლივი კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. ის თუ რა სიტყვებით არის შეფასებული მისი მხრიდან "ქართული ოცნების" საქციელი და უკვე თავად ეს პოლიტიკური პარტია უმძიმეს შთაბეჭდილებას ტოვებს. მსგავსი სიტყვები დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე პირადად არ მახსოვს.
– მაინც მგონია, რომ დასავლეთთან გარკვეული კონსულტაციების გარეშე, "ოცნება" ამ ნაბიჯს არ გადადგამდა…
არ ვიცი. გარკვეულ კონსულტაციებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ კონსულტაციები სულაც არ ნიშნავს შეთანხმებას. თავად დასავლელი პარტნიორების განცხადებები ნათლად ცხადყოფს იმას, რომ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათთვის კატეგორიულად მიუღებელი და აღმაშფოთებელია.
– "ქართული ოცნების" მიერ მიშელის დოკუმენტის ანულირების ფაქტი, შესაძლოა უკავშირდებოდეს შიდასოციოლოგიურგამოკვლევას, ვგულისხმობ რეიტინგების თემას… რა შანსი აქვს ქართულ ოცნებას?
ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ასეა. თუ მივიღებთ მხედველობაში იმ უდიდეს პოლიტიკურ ზიანს, რომელიც ქვეყანამ და მისმა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ამ გადაწყვეტილების შედეგად მიიღო, რაზეც ჩვენ უკვე გვქონდა ზემოთ საუბარი, მე სხვა ახსნას ვერ ვხედავ.
გამოდის, რომ კვლევებმა "ოცნებას" მეტად სახიფათო შედეგი უჩვენა. როგორც ჩანს, 43%-ის მიღწევის შანსი აღარ იყო. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ცხადია, პირველ რიგში, ეს არის მოსახლეობის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამავე დროს, სახეზეა COVID-19 პანდემიის მართვის სრული ჩავარდნა და ეს იმ პირობებში, როცა ამ ჩავარდნაზე პასუხისმგებელი ყველა თანამდებობის პირი თავის სკამს ინარჩუნებს და უფრო მეტიც, მათ ჰყოფნით თავხედობა ამ ჩავარდნაში საკუთარი თავი კი არა, მოსახლეობა დაადანაშაულონ და ღია ეთერით პრაქტიკულად ტუქსავენ მას. "ოცნების" პოლიტიკურ პოზიციებს უმძიმეს დარტყმას აყენებს ისეთი ტიპის მოვლენები, როგორებიცაა ჟურნალისტების ცემა-ტყეპა პოლიციის პასიურობის ფონზე, კულტურის მინისტრის გაუგონარი ხულიგნური გამოხტომები და ა.შ. როგორც ჩანს, "ოცნების" მესვეურთ ჰგონიათ, რომ ამ ტიპის მოვლენები აღიზიანებს მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატს და ახდენის მმართველი გუნდის მომხრეების მობილიზაციას. სინამდვილეში, ეს მახინჯი მოვლენები მნიშვნელოვნად ზრდის ხელისუფლების მიმართ ნეგატიურ განწყობებს შედარებით ნეიტრალურ ელექტორატშიც და თავად "ოცნების" მომხრეებშიც.
ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთგვარი რეფერენდუმის ფუნქციის მინიჭება არსებულ პირობებში ძალზედ სერიოზულ პრობლემას უქმნის "ოცნებას", რადგან ეს ფაქტორი ზრდის უკმაყოფილო მოსახლეობის ადგილობრივი არჩევნებისთვის არადამახასიათებელი აქტიურობის ალბათობას. ამ პრობლემას მმართველ გუნდს სერიოზულად უმწვავებს სწორედ რეფერენდუმის თემის გამოყენებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ არჩევნებზე საკუთარი ჩამოსვლის დაანონსება და აქამდე აპათიური თუ ნეიტრალური ამომრჩევლების და თავად ოცნების მომხრეების მნიშვნელოვანი რაოდენობის გახარიას მხარდამჭერთა რიგებში გადასვლა.
როგორც ჩანს, "ოცნება" ნელ – ნელა ეგუება იმ აზრს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა გარდაუვალია, მაგრამ ამ არჩევნების ჩატარება 43% – იანი კვაზივ რეფერენდუმის წაგების პირობებში "ოცნებისთვის" კატასტროფის ტოლფასია. ამიტომ, სიტუაციის გადარჩენის მიზნით, მათ გადაწყვიტეს სწორედ ამ ფაქტორის ნიველირება. მათ იმედი აქვთ, რომ არჩევნებისთვის რეფერენდუმის ნიშნების ჩამოშორების შედეგად ისინი შეასუსტებენ უკმაყოფილო მოსახლეობის არჩევნებისადმი ინტერესს, შეაჩერებენ საკუთარი მომხრეების გახარიასკენ დენადობას და უკვე ასეთ პირობებში ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალური გამოყენებით შეძლებენ არჩევნებზე სასურველი შედეგის მიღებას. ეს მისცემს "ოცნებას" საშუალებას, რომ რიგგარეშე არჩევნები უკვე მისთვის შედარებით სასიკეთო პოლიტიკურ ფონზე გამართოს.
ფაქტების ანალიზს ასეთ დასკვნებამდე მივყავართ, მაგრამ ამ ნაბიჯში გადახდილი პოლიტიკური ფასი იმდენად მძიმეა, რომ ეს უკვალოდ არ ჩაივლის და "ოცნებისთვის" მიღებულმა ნეგატიურმა შედეგებმა შეიძლება მათ მიერ გათვლილი ყველა დივიდენდი გადაწონოს.
– ხომ არ არის ეს "ქართული ოცნების" პრაგმატული ნაბიჯი თუ არის "გაშვებული შესაძლებლობა” – რა შეიძლება დაკარგოს ქვეყანამ?
ქვეყანა მისი განვითარების პროცესში დასავლეთის ჩართულობის მნიშვნელოვნად დაკარგვის პერსპექტივის წინაშე დგას და ამაზე "ოცნებასთან" ერთად პროდასავლური ოპოზიციაც იზიარებს პასუხისმგებლობას. სამწუხაროდ, პროდასავლურმა ოპოზიციამ ვერ შეძლო ახალი დღის წესრიგის შექმნა ვერაფერი ახალი და საინტერესო დიდი ანგარიშით ხალხს ვერ შესთავაზა. არ მოიძებნა არც პოლიტიკური ბრძოლის ახალი მეთოდები, არც ახალი პოლიტიკური იდეები და არც პოლიტიკური მოძრაობის ახალი ფორმები. შედეგად ჩვენ იმ საფრთხის წინაშე ვდგავართ, რომ საქართველოს პოლიტიკური ველი ისეთი ორი ან სამპოლუსიანი განლაგებით დაბალანსდეს, სადაც პოლუსების უმრავლესობაზე მოსკოვს უფრო მეტი გავლენა ექნება, ვიდრე დასავლეთს.