პაატა დავითაია - უნდა მოიხსნას ის საფრთხეები, რაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება
ამ მდგომარეობამ შეიძლება მოიტანოს მძიმე და გამოუსწორებელი შედეგები, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რეალური საფრთხე, რის გამოც ყველაფერი უნდა გაკეთდეს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად.
„მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს და მესამე პრეზიდენტისთვის შერჩეული იყოს ისეთი კლინიკა, რომელიც უზრუნველყოფილია იმ სამედიცინო პირობებით და დიაგნოსტირების საშუალებებით, რაც ახლა აუცილებელია მესამე პრეზიდენტის მკურნალობისთვის. ასეთი პირობებით არ არის აღჭურვილი ციხის საავადმყოფო. მნიშვნელოვანია მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ისეთ კლინიკაში, სადაც მას გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება, რათა უფრო არ დამძიმდეს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა და მოიხსნას ის საფრთხეები, რაც მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება. ეს არ არის ორდინალური მდგომარეობა. ამან შეიძლება მოიტანოს გამოუსწორებელი შედეგები. როდესაც ლაპარაკია ადამიანის სიცოცხლეზე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად, რათა ჩვენ არ აღმოვჩნდეთ ისეთ მძიმე მდგომარეობაში, როგორშიც აღმოვჩნდით წლების წინ, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემდეგ. ციხეში ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გარდაცვალება იქნება ლაქა, რომელსაც ქვეყანა ვერასდროს მოიცილებს“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.
"ინტერპრესნიუსი"